(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის მეთოდური სახელმძღვანელოს ხელმომწერებს შეუერთდა

17 დეკ '10

17 დეკემბერს საქართველოში მოქმედმა ბიზნეს გაერთიანებებმა  პროფკავშირებთან ერთად  ხელი მოაწერეს და მიიღეს უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის მეთოდური სახელმძღვანელო. ხელმოწერის ცერემონიალზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციას  ასოციაციის დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, ლაშა ახალაძე წარმოადგენდა.
სახელმძღვანელოში მოცემული მეთოდოლოგია და შესაბამისი ინსტრუქციები შემუშავებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად. აღნიშნული სახელმძღვანელო ატარებს ნებაყოფლობით ხასიათს. მასში მოცემული პრაქტიკული რეკომენდაციები შეუძლია გამოიყენოს ყველამ, ვინც იღებს პასუხისმგებლობას უსაფრთხოებისა და შრომის დაცვის მართვაზე. იურიდიული რეკომენდაციების შესრულება არაა აუცილებელი და არ ითვალისწინებს ეროვნული კანონმდებლობის, მოქმედი წესების ან დამტკიცებული სტანდარტების შეცვლას.  მათი გამოყენება არ მოითხოვს სერტიფიკაციას.  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაამუშავა ეს სახელმძღვანელო ორგანიზაციებისა და შესაბამისი დაწესებულებებისათვის როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტი უსაფრთხოებასა და შრომის დაცვის საქმიანობაში.
კიდევ ერთი ღონისძიება შედგა 7 დეკემბერს, რომელშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ასევე იყო წარმოდგენილი დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის სახით.
კერძოდ,  სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ხელი მოეწერა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და იძულებითი შრომის პრევენციის" შესახებ დოკუმენტს.
დოკუმენტი, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით იქნა შემუშავებული,  თავისი არსით ქცევის კოდექსს წარმოადგენს და რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტს შეიცავს. ესენია:
1) იძულებითი შრომისა და ტრეფიკინგისადმი ცალსახა გამიჯვნა და მისი ნებისმიერი სახით დაგმობის ფაქტი;
2) ქცევის კოდექსით განსაზღვრული პრინციპებით მოქმედება;
3) დამსაქმებელთა მხრიდან ტრეფიკინგის, იძულებითი შრომის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის ნება;
4) ქვეყანაში ღირსეულ შრომისადმი დამსაქმებლების მხარდაჭერა;
5) საქართველოში მოქმედი კერძო სამეწარმეო სექტორის მოწოდება ნებისმიერ დროს შეუერთდნენ ქცევის კოდექსით აღიარებულ პრინციპებს;

ხელმოწერის ცერემონიას გარდა ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლებისა, ხელისუფლების მაღალი რანგის პირები და საერთაშორისო ორგანიოზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.