(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრაზე ბიზნესის წინაშე მდგარი სირთულეების შესახებ ისაუბრა 

15 დეკ '10

15 დეკემბერს  ბიზნეს ასოციაციის წევრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვერა ქობალიას, მინისტრის მოადგილეებსა და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ბიზნესსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება, ბიზნესის წინაშე მდგარი პრობლემების განხილვა, ინვესტიციების მოზიდვისა და  პრივატიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის გაცვლა იყო. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ მინისტრთან დეტალურად განეხილათ მათთვის საინტერესო საკითხები.
როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, სახელმწიფომ და ადგილობრივმა ბიზნესმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, რათა საერთაშორისო ინვესტორები მეტად დაინტერესონ.  ბიზნეს ასოციაციას აქვს პოტენციალი, შექმნას ერთგვარი პლატფორმა რათა ქართველი მსხვილი ბიზნესმენები უცხოელ ინვესტრებთან დააკავშიროს დაა მათ სწორი ბიზნეს პარტნიორი აპოვნინოს.
შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ასოციაცია ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც იზრუნებს ექსპორტისა და იმპორტის ხელშეწყობაზე, ასევე აქტიურად იქნება ჩართული პოტენციურ ინვესტორებთან მუშაობის პროცესში. შეხვედრის მონაწილეებს მინისტრმა გააცნო ზოგიერთი სიახლე, რაც იგეგმება პრივატიზაციის პროცესში. კერძოდ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების წყალობით, უკვე 2011 წლიდან შესაძლებელი იქნება სახელმწიფო ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვა. იგეგმება ბიზნეს წრეების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა პრივატიზაციის პროცესში. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, ბიზნესთან შეთანხმებით, უახლოეს პერიოდში, ქართული საექსპორტო პროდუქციის კატალოგი შეიქმნება, რომელიც საზღვარგარეთ დაინტერესებულ ინვესტორებსა და პარტნიორებს წარედგინება.
შეხვედრის მეორე ნაწილში ბიზნესმენებმა მინისტრთან ბიზნესის წინაშე მდგარ პრობლემებზეც ისაუბრეს. ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით "ბიზნეს პრობლემები აქვს და ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ღიადაც განაცხადა. თუმცა მჯერა, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე მუშაობა შესაძლებელია. ამ მიმართულებით მუშაობა საჭიროა როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ასევე სხვა უწყებებთანაც".