საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა
19 ნოემ '10
18 ნოემბერს სქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ანდრია ურუშაძეს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს ჯანდაცვაში მიმდინარე რეფორმების გაცნობა და ამ სფეროში ინვესტირების შესახებ ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა. ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ბიზნესი დაინტერესებულია ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაციის პროცესით, „ამ სექტორში შეიძლება ინვესტიციების ჩადება. მთელ მსოფლიოში ამ ბიზნესში დიდი ინვესტიცია ხდება და იგივე უნდა მოხდეს საქართველოშიც. იმედი მაქვს რომ ჩვენი თანამშრომლობა მაქსიმალურად სარგებლიანი და ღია იქნება".
ჯანდაცვის მინისტრმა ბიზნესმენებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ამ სფეროში კერძო ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას. ამასთან ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაცია ქმნის დამატებით შესაძლებლობებს ბიზნესისათვის, რათა განხორციელდეს ინვესტირება თანმდევ სერვისებში, "მუდმივად, როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ბიზნესმენებისგან გვესმის დაინტერესება ჯანდაცვის სექტორის მიმართ. ჯანდაცვა ის სფეროა, რომელშიც უცხოეთში დიდი ინვესტიციები იდება. დღეს დიდი შანსია იმისა, რომ ბიზნესმენებმა ქართულ ჯადაცვის სისტემაში ინვესტიციების ჩადება დაიწყონ. ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმები ტარდება, თუნდაც ჰოსპიტალური სექტორის პრივატიზაცია. ვფიქრობთ, რომ ბიზნესსექტორსა და ჩვენ სამინისტროს შორის სერიოზული თანამშრომლობა დაიწყება და ინვესტიციები განხორციელდება", - განაცხადა ანდრია ურუშაძემ.
შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO), ჯანდაცვის სამინისტროსა და დამსაქმებელთა თანამონაწილეობით შექმნილი სამმხრივი დიალოგის კომისიის საქმიანობა და შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შრომისა და დასაქმების კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაშა ახალაძემ მინისტრთან ისაუბრა ასოციაციის როლზე და აქტივობებზე ზემოაღნიშნულ კომისიაში.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სპეციალურად მოწვეული სტუმრის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, როი საუთვორდის მოხსენებას. მოხსენების ფარგლებში ბატონმა საუთვორდმა მიმოიხილა საქართელოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.