(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პრემიერ მინისტრის მრჩეველს, გიორგი პერტაიას შეხვდა

5 ნოემ '10

5 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები პრემიერ მინისტრის მრჩეველს, გიორგი პერტაიას შეხვდნენ. შეხვედრაზე განსახილველი ძირითადი საკითხი ახალი საგადასახადო კოდექსიდან გამომდინარე ქვენორმატიული აქტების თემა იყო. კერძოდ, კოდექსის ამოქმედებამდე შესამუშავებელი და დასამტკიცებელია მთელი რიგი აქტებისა, რომელთა მეშვეობითაც უნდა დარეგულირდეს კოდექსში გაუთალისწინებელი საკითხები. გიორგი პერტაიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ კოდექსზე მუშაობის პერიოდში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში და მისი ძალისხმევით არაერთი პრობლემური საკითხი საგადასახადო კოდექსში ბიზნესისათვის სასურველი ფორმით გადაწყდა და აისახა.
საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით კანონქვემდებარე აქტების შემუშავების პროცესი უკვე დაწყებულია და როგორც კი შესაბამისი პროექტები მზად იქნება, ისინი წარედგინება ბიზნეს წრეებს მათი შენიშვნებისა და მოსაზრებების მისაღებად. ამ პროცესში ჩართული იქნება სქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციაც (GSMEA).
შეხვედრის მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო სპეციალურად მოწვეულ სტუმარს - „საქართველოს უსაფრთხოების ანალიტიკური ცენტრის" დირექტორს , დევიდ სმიტს, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აშშ-ში უკანასკნელ ხანს ჩატარებული კონგრესისა და სენატის არჩევნების შესაძლო შედეგებზე საქართელოსთვის და ამ შედეგების გავლენაზე ზოგადად აშშ-ს საგარეო პოლიტიკურ კურსსა თუ უსაფრთხოების პოლიტიკაზე.
მისი შეფასებით, საქართელოსა და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა გრძელდება და ის მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. სქართელოს წინაშე არსებული პრობლემები დღეს დიდწილად გამოწვეულია იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან, რაც მსოფლიოში და კონკრეტულად კავკასიის რეგიონშია შექმნილი. ამ პრობლემების მოგვარება კი მალე არ მოხდება. შესაბამისად საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რათა მყარად იდგეს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე და განავითაროს ეკონომიკა.
რაც შეეხება აშშ-ში სენატისა და კონგრესის არჩევნების შედეგებს, ბატონი სმიტის შეფასებით, ამ არჩევნების შედეგები ნათლად მეტყველებს მოსახლეობის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ განწყობაზე. ეს განწყობა კი დიდწილად განპირობებულია არა საგარეო პოლიტიკური ვითარებით, არამედ შიდა პრობლემებით და აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში ნაკლებადაა მოსალოდნელი შტატების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მკვეთრი ცვლილება ან კონკრეტული მიმართულებებით გააქტიურება.