საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს უმასპინძლა
28 ოქტ '10
28 ოქტომბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტს, ანდრეი კონდაკოვს და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, დიმიტრი გვინდაძეს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ბიზნეს ასოციაციის წევრთათვის BSTDB-ს და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. დამსწრეთა წინაშე პრეზენტაციით ბანკის პრეზიდენტი, ანდრეი კონდაკოვი წარსდგა, რომელმაც ისაუბრა როგორც ზოგადად შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის და საქართველოში მისი მომავალი გეგმების, ასევე იმ მიმართულებების შესახებაც, რომელთაც მოიცავს ბანკის აქტივობები. ბანკმა ოპერირება 1999 წელს დაიწყო და მისი აქციონერი შავი ზღვის 11 ქვეყანაა. ბანკი ორიენტირებულია მიზნობრივ ჯგუფში შემავალი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ მიზნით ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, იმპორტის ჩანაცვლებას, გარემოს დაცვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განხორციელებას. პრეზენტაციის ფარგლებში განხილული იქნა ის პროცედურები, რომელთა დაცვითაც ბანკი ახორციელებს ფინანსური რესურსების გამოყოფას კონკრეტული კომპანიებისა თუ კონკრეტული პროექტებისათვის. მიმდინარე ეტაპზე, ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსების 60% მოდის ცალკეულ პროექტებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაზე მიმართულია 24 %, დანარჩენი კი სავაჭრო ურთიერთობებისა და საწესდებო კაპიტალში თანამონაწილეობაზე. წარმოება, ფინანსური ინსტიტუტები, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ტელეკომუნიკაციები, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა - ის დარგებია, სადაც უკვე განხორციელდა ან ხორციელდება ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტები. საქართველოში ბანკის მიერ გამოყოფილი თანხებით უკვე დაფინანსდა საერთო მოცულობით 69 მილიონი დოლარის ღირებულების 15 პროექტი.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, ქართული კომპანიებისათვის მეტად მნიშვნელოვანია დამატებითი და რაც მთავარია იაფი ფინანსური რესურსების მოძიება და ბიზნესის გაფართოების, განვითარებისაკენ მიმართვა, ამდენად ბიზნეს ასოციაციისათვის შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან მჭიდრო ურთიერთობა მეტად ღირებულია.
შეხვედრაზევე მოხდა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში BSTDB-ს დელეგაცია კვლავ ეწვევა საქართველოს და დაინტერესებული კომპანიებისათვის უფრო ფართო ფორმატში უზრუნველყოფს ბანკის საქმიანობის, პრიორიტეტების და პროცედურების გაცნობას, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება ერთი-ერთზე შეხვედრები კონკრეტულ პროექტებზე სასაუბროდ და კონსულტაციების მისაღებად.