(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

15 ოქტ '10

15 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რამაზ ნიკოლაიშვილმა, ბიზნეს ასოციაციის წევრებთან რეგიონული განვითარების სტრატეგიის, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების და ამ პროექტებში ქართველი ბიზნესმენების კიდევ უფრო აქტიურად ჩართვის შესახებ ისაუბრა.
შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული ბიზნესის დაინტერესებას რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების მიმართ და ზოგადად ინფრასტრუქტურის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისათვის.
რამაზ ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, გასულ წელს სამინისტრომ მოახერხა საქართელოს მასშტაბით გზების მნიშვნელოვანი ნაწილის რეაბილიტაცია, დაწყებულია და უახლოეს მომავალში იგეგმება მესტიამდე მისასვლელი ბეტონის საფარიანი გზის დასრულება. ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად განიხილება ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობა და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის პროექტი, რომლის განხორციელებაც უკვე მომავალი წლიდან იგეგმება. ასევე მომავალი წლისთვისაა დაგეგმილი საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესება.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო დაინტერესებულია, უფრო მეტმა ქართულმა კომპანიამ მიიღოს მონაწიელება განხორციელებულ პროექტებში და ამისათვის გარკვეული მიდგომებიც კი შეიცვალა, რის შედეგადაც მომავალში კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ კომპანიას შეეძლება მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. სამინისტროსა და ქართულ ბიზნესს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, მინისტრის ინიციატივით ბიზნეს ასოციაციასა და სამინისტროს თანამონაწილეობით შეიქმნება  ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ინფორმაციის სწრაფი და ეფექტური გაცვლის უზრუნველყოფაზე.
შეხვედრის მეორე ნაწილში, სპეციალური სტუმრის სახით მოწვეულმა, სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ირაკლი მენაღარიშვილმა, საქართველოს გარშემო შექმნილ საგარეო პოლიტიკურ მდგომარეობაზე და გლობალურ პოლიტიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, საქართელოსათვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტი ამ ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობის მქონეა უსაფრთხოების თალსაზრისით. ასევე მნიშვნელოვანია კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ამ პროცესებში საქართელოს ჩართულობა, რაც გარდა რისკებისა, მნიშვნელოვან პერსპექტივებთანაცაა დაკავშირებული.