საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო–საბაჟო კომიტეტმა საგადასახადო კოდექსზე მუშაობის შედეგები შეაჯამა
12 ოქტ '10
12 ოქტომბერს, 14 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტმა გამართა პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნა კომიტეტის ანგარიში ერთწლიანი მუშაობის და მიღწეული შედეგების შესახებ.
კომიტეტი, რომელიც ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, უკვე ერთი წელია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, პრემიერ მინისტრის აპარატთან და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან; იგი თავიდანვე იყო ჩართული ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობის პროცესში და პრემიერ მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო.
სამუშაო ჯგუფის ფორმატში მომზადებული ინიციატივები და შენიშვნები ახალ საგადასახადო კოდექსზე, მიეწოდებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო რიგ შემთხვევებში მათი განხილვა ხდებოდა უშუალოდ პრემიერ მინისტრთან ან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან. ამ პროცესში წარდგენილი იქნა ასზე მეტი შენიშვნა და მოსაზრება, რომელთაგან საბოლოოდ კოდექსში ასახვა ჰპოვა შენიშვნების დაახლოებით 60%-მა, ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული შენიშვნების 5% და არ იქნა გათვალისწინებული 35%.
კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ლალაზაშვილის შეფასებით, სამუშაო ფორმატი წარმატებული აღმოჩნდა და მოხერხდა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის კოდექსში გათვალისწინება, თუმცა მთლიანად საგადასახადო კოდექსის შეფასება ჯერ ნაადრევია, რადგან მისი ღირსება და ნაკლი სრულად მხოლოდ ამოქმედებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოჩნდება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კოდექსის დამტკიცების შემდგომ, დაიწყო შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებზე ერთობლივი მუშაობა ფინანსთა სამინისტროსთან, რასაც არანაკლებ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით თანამშრომლობის პროცესი მთლიანობაში წარმატებულად შეაფასა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მომავალში მსგავსი ფორმატით თანამშრომლობა კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება.
ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის, გიორგი ისაკაძის შეფასებით, პირველ იანვარს ასამოქმედებელი საგადასახადო კოდექსი შორსაა იდეალურისაგან და მას კიდევ სჭირდება დახვეწა, რაც სამუშაო ფორმატის ფარგლებში განხორციელდება და ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ასევე საქართელოს მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაცია.