ბიზნეს ასოციაციის წევრები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციის საბაზისო პროექტს გაეცნენ
13 ივლ '10
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ დემეტრაშვილი, კომისიის მდივანი, თენგიზ შარმანაშვილი და პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზირების საკითხთა სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, სოსო ცინცაძე ბიზნეს ასოციაციას სტუმრობდნენ.
შეხვედრის მიზანს ბიზნესმენთათვის ახალი კონსტიტუციის საბაზისო პროექტის წარდგენა და მთლიანად საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის განხილვა წარმოადგენდა.
კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ დემეტრაშვილმა ბიზნესმენებს ახალი კონსტიტუციის პროექტის ძირითადი პრინციპები გააცნო. მისი განცხადებით, მომზადებული დოკუმენტი თვისობრივად ახალი ეტაპია ქართულ რეალობაში. წარმოდგენილი ვარიანტის შესაბამისად, ქართული სახელმწიფოს მოწყობა წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ მოდელს საპრეზიდენტოსა და საპარლამენტო რესპუბლიკებს შორის, სადაც პრეზიდენტს, განსხვავებით ახლა არსებული მოდელისაგან, მნიშვნელოვნად ეზღუდება უფლებამოსილებები და მის ხარჯზე ძლიერდება საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის ფუნქციები და როლი. პრეზიდენტთან შეთანხმებით მთავრობის დაკომპლექტების (ისევე როგორც მისთვის უნდობლობის გამოცხადების) უფლებამოსილებაც მთლიანად პარლამენტის პრეროგატივა ხდება. აღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, ახალი კონსტიტუციის პროექტი უფრო მეტად საპარლამენტო მმართველობის მოდელისაკენ იხრება.
პროექტი განსაზღვრულ სიახლეებს ითვალისწინებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაზრდის კუთხითაც, კერძოდ, გათვალისწინებულია მოსამართლეთა დანიშვნა უვადოდ.
ცალკე თავადაა გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ დებულებები, რომელთა შესაბამისად, მნიშვნელოვნად ძლიერდება თვითმმართველობის ინსტიტუტის როლი.
კონსტიტუციის პროექტი გარკვეულ ცვლილებებს ითვალისწინებს საკუთრების უფლების განმტკიცების მიმართულებითაც, კერძოდ, 21-ე მუხლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობა აღიარებული და ხელშეუვალია. ამ უფლების შეზღუდვა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კი დაიშვება მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში და იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. სიახლეა ასევე ისიც, რომ საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება არ უნდა იყოს ჩამორთმეული საკუთრების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
ასოციაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ისაკაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია იმ დეტალების ცოდნა, რომლებიც ქვეყნის მომავალ პოლიტიკურ ცხოვრებას განსაზღვრავენ. მან მხარდაჭერა გამოხატა იმ ცვლილებათა მიმართ, რასაც ახალი პროექტი ითვალისწინებს საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიების განმტკიცების კუთხით.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, კომისიამ განიხილოს ბიზნეს ასოციაციის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები.