პრემიერ მინისტრის მრჩეველი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა
24 მაის '10
საქართელოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭო და წევრები 24 მაისს საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველს, გიორგი პერტაიას მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე სასაუბროდ შეხვდნენ.
საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე და ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ, შეხვედრაზე ასევე მოწვეული იყო პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ზურაბ აბაშიძე.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრემიერ მინისტრის მრჩევლად, ბიზნესის ინტერესების დაცვის დარგში, გიორგი პერტაიას სახით დაინიშნა ის ადამიანი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ბიზნესთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობაში და სიღრმისეულად ერკვევა პრობლემების არსში.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ინტერესების გათვალისწინება, რეფორმებზე, საკანონმდებლო ცვლილებებზე ერთობლივად მუშაობა და აქედან გამომდინარე თანამონაწილეობის განცდა, უაღრესად მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის.
ბიზნეს ასოციაცია, ასოციაციის კომიტეტების მეშვეობით ნაყოფიერად თანამშრომლობს შესაბამის სამინისტროებთან და აქტიურადაა ჩართული მიმდინარე რეფორმებში.
გიორგი პერტაიას განცხადებით, პრემიერ მინისტრთან იგეგმება სამსახურის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება ბიზნესის წინაშე მდგარი პრობლემების კვლევაზე. აღნიშნულ პროცესში კი, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საქართელოს ბიზნეს ასოციაციასთან და სხვა ბიზნეს გაერთიანებებთან მჭირდო თანამშრომლობას.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა დაგეგმილ რეფორმებში მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართვის აუცილებლობას და მათ წინაშე მდგარი პრობლემების ანალიზის მნიშვნელობას; ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტზე სამუშაოდ ახლო მომავალში იგეგმება ჯგუფის შექმნა, რომელშიც აქტიურად იქნებიან ჩართულნი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრის მეორე ნაწილში დამსწრეების წინაშე მოხსენებით წარსდგა ზურაბ აბაშიძე, რომელმაც ისაუბრა ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემაზე, ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის ახალ სტრატეგიაზე და საქართველოს შესაძლო როლზე კავკასიის რეგიონში განვითარებულ პროცესებში.
მისი განცხადებით, საქართელოს უკიდურესად გართულებული ურთიერთობა რუსეთთან დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება, მაგრამ ამ ეტაპზე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი არც შეიძლება იყოს. თუმცა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით დიალოგი გარდაუვალია.