საქართელოს ბიზნეს ასოციაციამ USTRANSCOM –ის შესყიდვების შესახებ სემინარში მიიღო მონაწილეობა
15 მაის '10
15 მაისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში" ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის თანამონაწილეობით, აშშ ტრანსპორტირების სამმართველომ (USTRANSCOM) ქართველი მეწარმეებისათვის გამართა სემინარი თემაზე „ადგილობრივი შესყიდვები".
ღონისძიება მიზნად ისახავდა ადგილობრივი მწარმოებლებისათვის იმ პროცედურების და მოთხოვნების გაცნობას, რაც გამოიყენება აშშ გენერალური მომსახურების ადმინისტრაციის (GSA) და აშშ თავდაცვის ლოგისტიკური სააგენტოს მიერ შესყიდვების პროცესში.
სემინარი საქართველოში აშშ-ს ელჩმა, ჯონ ბასმა გახსნა და დამსწრეებს მოკლედ გააცნო პროექტის არსი და მიზანი. მისი განცხადებით, საქართელოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში აშშ ზრუნავს ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის და ბიზნესის სტიმულირებისათვის, ისევე როგორც საქართელო რჩება რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულ პარტნიორად და აქტიურად მონაწილეობს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში.
აშშ ხელისუფლება, ავღანეთში ტვირთების ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად, გეგმავს, გარკვეული სახეობის საქონელი საქართელოში შეიძინოს.
როგორც GSA-ს წარმომადგენელმა, ჯოელ ლანდიმ აღნიშნა, საწყისი ეტაპისათვის იგეგმება ასზე მეტი დასახელების საქონლის შეძენა. ჩამონათვალში შედის სამშენებლო და სარემონტო მასალები, საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები და საკვები პროდუქტები (ნახევარფაბრიკატები ან დაკონსერვებული სახით). შესყიდვა განხორციელდება GSA -ს კონტრაქტორი ფირმა „TWI"-ს მეშვეობით, რომელიც ადგილზე შეარჩევს მომწოდებელს და შეთავაზებულ საქონელს.
შესყიდვის პროცესში უპირატესობა მიენიჭება საქართველოში წარმოებულ პროდუქციას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს ხარისხის და შეფუთვის მხრივ.
შეხვედრას ესწრებოდა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) საქართელოში ბიზნესის საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის (BAS) წარმომადგენელი, ჯონ კარაჩიოლო, რომლის განცხადებითაც, BAS აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნულ პროექტში და უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესს საკონსულტაციო მოსმახურებით, რათა მათ შეძლონ TWI-ს მიერ დადგენილი სტანდარტების და მოთხოვნების დაკმაყოფილება. BAS-ის მომსახურება უსასყიდლოა და ითვალისწინებს კომპანიების დახმარებას მენეჯმენტის გაუმჯობესების, ბიზნესის დაგეგმვის და ხარისხის მართვის კუთხით.
სემინარის დასასრულს, დამსწრე კომპანიების წარმომადგენლებს (მათ შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს), საშუალება ჰქონდათ პირადად გასაუბრებოდნენ GSA და TWI-ს წარმომადგენლებს, გაეცნოთ მათთვის საკუთარი პროდუქცია და მიეღოთ დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ.