(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნესმენები ეკონომიკის მინისტრს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პრივატიზაციის პროცესზე სასაუბროდ შეხვდნენ

16 აპრ '10

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები 16 აპრილს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ზურაბ პოლოლიკაშვილს და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, გოგა ხაბელაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების და არსებული რისკების შესახებ სასაუბროდ, მოწვეული იყო ასევე ექსპერტი, ალექსანდრე რონდელი.

როგორც ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, შეხვერის მიზანი ეკონომიკის სამინისტროსთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება და თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბებაა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესმენებს, უფრო ეფექტურად გადაწყვიტონ მათ წინაშე მდგარი პრობლემები და ამოცანები.

თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბიზნესმენთათვის სამინისტროსთან ურთიერთობა უფრო უნდა გამარტივდეს და ამ მიზნისათვის საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობა კარგი შესაძლებლობაა.

ბატონი პოლოლიკაშვილის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს ქვეყნის გარეთ, კიდევ უფრო მეტი ინვესტიციების მოსაზიდად.  ხდება  ბიზნეს ფორუმების ორგანიზება, სადაც უცხოელ ბიზნესმენებს აცნობენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ამ პროცესში ბიზნეს ასოციაციის ჩართვა, მისი წევრი კომპანიების კონკრეტული პროექტებით, ორმხრივად სასარგებლო იქნება. უახლოეს მომავალში იგეგმება ბიზნეს ფორუმების ორგანიზება ისრაელში, ინდოეთში და კორეაში, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება ბიზნეს ასოციაციას და მის წევრებს, დაინტერესების შემთხვევაში, შეეძლებათ აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

რაც შეეხება პრივატიზაციას, სამინისტრო გეგმავს კიდევ უფრო გამჭვირვალე გახადოს პროცესი და მისი საინფორმაციო მხარდაჭერის მიზნით, ახლო მომავალში შეიქმნება სპეციალური საინფორმაციო ცენტრი, სადაც საპრვატიზაციო ობიექტების შესახებ მაქსიმალურად იქნება ინფორმაცია წარმოდგენილი.

საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელმა, ბატონმა ხაბელაშვილმა დამსწრეებს წარუდგინა  პრეზენტაცია სააგენტოს საქმიანობის შესახებ, რომლის ძირითადი მიზანიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციაა. მისი განცხადებით, იგეგმება ახალი სავაჭრო პორტალის ამოქმედება და კატალოგების შექმნა, რაც ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას დაინტერესებული პირებისათვის.

საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე და პერსპექტივებზე მოხსენებით ალექსანდრე რონდელი წარსდგა.

მისი შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს საკითხი რეგიონის მასშტაბით კვლავ აქტუალურია დასავლეთისათვის და მხარდაჭერა ამ მხრივ არ შესუსტებულა. ომის შემდგომ რთული რჩება ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა შეიარაღებული კონფლიქტის განახლება ნაკლებსავარაუდოა უახლოეს მომავალში.

ბატონმა რონდელმა საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი ეტაპობრივად იცვლება და თურქეთის როლი და პერსპექტივები სულ უფრო მკვეთრი ხდება.

შეხვედრის დასასრულს, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი და ეკონომიკის მინისტრი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში შეიქმნება ასოციაციის და სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც კონტაქტი ბიზნესმენებსა და ამ უწყებას შორის უფრო ინტენსიური გახდება და ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება  სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა.