(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტმა თავისი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო

14 აპრ '10

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტმა თავისი საქმიანობის და მომავლის გეგმების შესახებ 14 აპრილს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" პრეზენტაცია გამართა.


ღონისძიებას ასოციაციის პრეზიდენტი და წევრი კომპანიების, სადაზღვევო და საბანკო ასოციაციის წარმომადგენლები, საქართველოს ერობნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი და მოწვეული სტმრები ესწრებოდნენ.

საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ბუცხრიკიძი ს მოხსენების შესაბამისად, კომიტეტის პრიორიტეტები მოცემულ ეტაპზე სამ მიმართულებას მოიცავს და ესენია:

კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების და განვითარების ხელშეწყობა;

ეროვნული ბანკის მიერ დეკლარიებული, „ლარიზაციის" პოლიტიკის მხარდაჭერა;

სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობა.

როგორც ბატონმა ბუცხრიკიძემ აღნიშნა, საპენსიო სისტემის რეფორმა ითვალისწინებს კერძო საპენსიო ფონდების განვითარებას, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის შექმნას. არსებული ხედვის მიხედვით, ერთის მხრივ სახელმწიფო საგადასახადო შეღავათების სახით წაახალისებს ინდივიდუალურ შენატანებს, მეორეს მხრივ კი  შემცირდება  სახელმწიფოს ვალდებულება ხანდაზმულობის პენსიაზე და შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთი შემსუბუქდება.     
ახალი საპენსიო სისტემის მახასიათებელთა შორის ხაზი გაესვა ინდივიდუალური შენატანების დაგროვებითობას და მემკვიდრეობით ხასიათს; პენსიის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაგროვილი შენატანების პროპორციულად;
რეფორმა ითვალისწინებს მყარი სოციალური გარანტიების შექმნას, რეალური პენსიის ზრდას,  გრძელვადიან პერიოდში ინვესტირების შესაძლებლობას და მომსახურების სპექტრის გაფართოებას. სისტემის რეფორმირება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, მათ შორის: საკანონმდებლო ცვლილებებს, საპენსიო ფონდების მარეგულირებელი ნორმატივების მომზადებას, ფინანსური მაჩვენებლების დაგეგმვას და საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას.

რაც შეეხება „ლარიზაციის" პროცესს, მომხსენებლის თქმით, ეს პირველ რიგში ეროვნული ვალუტის - ლარის ბაზრის განვითარება და ეროვნული ფულის ერთეულში დაკრედიტების წახალისებაა.  საქართველოში სავალუტო რისკების დაზღვევის ინსტრუმენტები ჯერ მხოლოდ ათვისების სტადიაშია და მათი სრულფასოვანი ამოქმედების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება  ლარისადმი ნდობა, შესაბამისად ლარში გაცემული სესხების მოცულობა. გარდა ამისა, შემცირდება თავად სესხის ღირებულებაც.

საფინანსო კომიტეტი აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს ასევე სალიზინგო კომპანიების საქმიანობის ხელშესაწყობად, რაც გამოიხატება ამ სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებით და რეფორმების მხარდაჭერით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკი აამოქმედებს ყველა საჭირო ინსტრუმენტს, რათა კომერციულ ბანკებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოთხოვნის შემთხვევაში ლარით გასცენ სესხები. „ლარიზაცია" ახალი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც რისკების შემცირება სურს, რადგან არაა დამოკიდებული ვალუტის კურსის ცვალებადობაზე. შესაბამისად, დეპოზიტი ლარში გაცილებით ურისკო და პროგნოზირებადია, ვიდრე დოლარში.

ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდა ხელს შეუწყობს საპროცენტო განაკვეთების გადაცემის მექანიზმის ამოქმედებას, ეს კი იძლევა საშუალებას პოლიტიკის განაკვეთის დაწევით ბიზნესს შეუმცირდეს სესხთან დაკავშირებული ხარჯები. საბოლოო ჯამში, მსესხებელი სავალუტო რისკებისაგან მაქსიმალურად იქნება დაზღვეული.

ბატონმა მესტვირიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკისათვის მეტად მნიშვნელოვანია საფინანსო კომიტეტთან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ღონისძიებების, სემინარების თუ ტრეინინგების ორგანიზება ბიზნესმენთათვის „ლარიზაციის" პროცესზე მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად, რათა პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და გასაგები იყოს. ეროვნული ბანკი, როგორც შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი, ასევე აქტიურად გეგმავს კერძო საპენსიო რეფორმის განხორციელების პროცესში ჩართვასაც.

შეხვედრის დასასრულს, საქართელოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესის ჩართულობა რეფორმების პროცესში ორმხრივად სასარგებლო და აუცილებელია. რეალური შედეგების მიღწევა საკმაო დროსა და ძალისხმევას მოითხოვს და ამ მხრივ მნიშვნელოვანია რეფორმების ეტაპობრივად, თანმიმდევრულად განხორციელება. მანვე ხაზი გაუსვა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მზადყოფნას თანამშრომლობისათვის და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები „ლარიზაციის" თემასთან დაკავშირებით.