ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საქსტატის დირექტორი ბიზნესმენებს შეხვდნენ
12 მარ '10
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ 12 მარტს ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესმენები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, ზაზა ჭელიძეს შეხვდნენ.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა ბიზნესმენებისათვის გაცვლითი კურსის პოლიტიკისა და პროგნოზის, კრედიტის ხელმისაწვდომობისა და ფასის, ასევე სტატისტიკის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
გიორგი ქადაგიძემ დამსწრეებს გააცნო ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები ლარის პოზიციების განმტკიცებასთან დაკავშირებით და საერთაშორისო გამოცდილების მაგალითზე განიხილა არსებული, მცოცავი კურსის უპირატესობა.
როგორც ბატონმა ქადაგიძემ აღნიშნა, საქართველოში სავალუტო რისკების დაზღვევის ინსტრუმენტები ჯერ მხოლოდ ათვისების სტადიაშია და მათი სრულფასოვანი ამოქმედების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდება ლარისადმი ნდობა, შესაბამისად ლარში გაცემული სესხების მოცულობა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ცვალებადი საპროცენტო განაკვეთით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ზრდა ხელს შეუწყობს საპროცენტო განაკვეთების გადაცემის მექანიზმის ამოქმედებას, ეს კი მათ საშუალებას მისცემს პოლიტიკის განაკვეთის დაწევით ბიზნესს შეუმცირონ სესხთან დაკავშირებული ხარჯები. საბოლოო ჯამში, მსესხებელი სავალუტო რისკებისაგან მაქსიმალურად იქნება დაზღვეული. მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი გეგმავს ახალი ინსტრუმენტების შეთავაზებას კომერციული ბანკებისათვის, რაც უფრო ხელმისაწვდომს გახდის ლარში სესხის გაცემას.
საქართჳელოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის ინიციატივით, მოცემულ საკითხზე ბიზნესმენთათვის კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაწოდებლად, გადაწყდა უახლოეს მომავალში ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკებისა და ბიზნესმენთა მონაწილეობით რამდენიმე სემინარის ორგანიზება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობის, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ბიზნესმენებს სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ესაუბრა; ზაზა ჭელიძემ ხაზი გაუსვა სტატისტიკის სამსახურის მიერ მომზადებული ინფორმაციის მნიშვნელობას ბიზნესისათვის და სთხოვა მეწარმეებს, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ სამსახურთან ინფორმაციის გაცვლის კუთხით, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება.
შეხვედრის დასასრულს გიორგი ჭირაქაძემ და ზაზა ჭელიძემ ხელი მოაწერეს საქართჳელოს ბიზნეს ასოციაციის და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.