კერძო საპენსიო სისტემის პრეზენტაცია
25 თებ '10
26 თებერვალს საქართელოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციის წევრებთან ერთად, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის დირექტორი, დევი ხიჩინაშვილი და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაცია ასოციაციის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ბუცხრიკიძემ წარმოადგინა.
რეფორმა ითვალისწინებს კერძო საპენსიო ფონდების განვითარებას, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის შექმნას. არსებული ხედვის მიხედვით, ერთის მხრივ სახელმწიფო საგადასახადო შეღავათების სახით წაახალისებს ინდივიდუალურ შენატანებს, მეორეს მხრივ კი შემცირდება სახელმწიფოს ვალდებულება ხანდაზმულობის პენსიაზე და შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ტვირთი შემსუბუქდება.
ახალი საპენსიო სისტემის მახასიათებელთა შორის ხაზი გაესვა ინდივიდუალური შენატანების დაგროვებითობას და მემკვიდრეობით ხასიათს; პენსიის ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაგროვილი შენატანების პროპორციულად;
რეფორმა ითვალისწინებს მყარი სოციალური გარანტიების შექმნას, რეალური პენსიის ზრდას, გრძელვადიან პერიოდში ინვესტირების შესაძლებლობას და მომსახურების სპექტრის გაფართოებას. სისტემის რეფორმირება რამდენიმე ეტაპს მოიცავს, მათ შორის: საკანონმდებლო ცვლილებებს, საპენსიო ფონდების მარეგულირებელი ნორმატივების მომზადებას, ფინანსური მაჩვენებლების დაგეგმვას და საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას.