ბიზნესმენები საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩევლებს შეხვდნენ
12 თებ '10
საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების და 2010 წლის მაკროეკონომიკური პარამეტრების განსახილველად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები 12 თებერვალს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩევლები, თამარ კოვზირიძე და ვახტანგ ლეჟავა.
ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე დამსწრეებს ინფორმაცია ვახტანგ ლეჟავამ მიაწოდა, მან აღნიშნა, რომ მთავრობის ხელთ არსებული სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად, მთელ რიგ სფეროებში დადებითი ტენდენციები იკვეთება. კერძოდ, უკვე წლის ბოლოსათვის მოსალოდნელია მშპ-ს 2% ზრდა; გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5,3%-ით მომატებულია საგადასახადო შემოსავლები; გაუმჯობესებულია საგადამხდელო ბალანსი და გაზრდილია საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა; მისი განცხადებით, მთავრობა კვლავაც აქტიურად მუშაობს ინვესტიციების მოსაზიდად და აგრძელებს შესაბამისი რეფორმების განხორციელებას ეკონომიკის დივერსიფიკაციისათვის.
საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ქალბატონმა თამარ კოვზირიძემ ისაუბრა; მისი თქმით, უკვე გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები თურქეთთან და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, ხოლო აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველო სარგებლობს სავაჭრო პრეფერენციების, "GSP" სისტემის ბენეფიციარის სტატუსით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად ევროკავშირთან, რაც დაკავშირებულია მთელი რიგი რეფორმების განხორციელებასთან სურსათის უვნებლობის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და ანტიმონოპოლიური რეგულაციის სფეროებში; უკვე დაწყებულია სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვა და იგეგმება ანტიმონოპოლიური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ინიციატივით, საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, უახლოეს მომავალში ასოციაციის ეგიდით კიდევ ერთი შეხვედრა მოეწყობა.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი ჭირაქაძემ დამსწრეებს აუწყა, რომ ასოციაციის საქმიანობის შესახებ შეიქმნა საინფორმაციო ბიულეტენი. ასევე, უახლოეს მომავალში იგეგმება დოკუმენტური ფილმის შექმნა ასოციაციის წევრი კომპანიების და ზოგადად ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოს შესახებ, რაც დაეხმარება მთავრობას პოტენციური ინვესტორებისათვის კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებაში.