სუფსის ენერგეტიკული პროექტის პრეზენტაცია
4 თებ '10
4 თებერვალს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მონაწილეობით „სუფსის ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური კომპლექსის განვითარების პროექტის" პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, გიორგი ისაკაძე; ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი, მაიკლ ქოუგლი, პროექტის ავტორი, გიორგი ჭანტურია და სხვა დაინტერესებული პირები.
გიორგი ჭანტურიას მოხსენების შესაბამისად, პროექტი შედგება რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისაგან და მოიცავს ნავთობგადამამუშავებელი, ნავთობქიმიური, თხევადი ნავთობის გაზისა და ბუნებრივი აირის ქარხნების მშენებლობას, საზღვაო ტერმინალს ექსპორტისათვის და ორი მაღალტექნოლოგიური თბოელექტროსადგურის მონტაჟს, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულზე იმუშავებენ.
პროექტის პერსპექტივაზე საუბრისას, ხაზი გაესვა ყაზახეთის მიერ ნავთობის ახალი საბადოების ათვისების და ნავთობსადენის მშენებლობის დაწყების პროცესს; ასევე უკვე არსებულ, ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტების რესურსებს. აღინიშნა „ნაბუკოს" პროექტის განხორციელების პერსპექტივაც.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, სუფსის ენერგეტიკული პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არა მარტო შავი ზღვის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებში, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაშიც.