(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართელოს ფინანსთა მინისტრი ბიზნეს ასოციაციის წევრებს ეკონომიკურ რეფორმებზე სასაუბროდ შეხვდა

2 თებ '10

2010 წლის 2 თებერვალს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე, მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკური რეფორმები, საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საბაჟო და საგადასახადო სფეროში მოსალოდნელი სტრუქტურული თუ სამართლებრივი ცვლილებების შესახებ ბიზნესმენთა ინფორმირება. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

როგორც მისასალმებელ სიტყვაში ასოციაციის პრეზიდენტმა  და ფინანსთა მინისტრმა აღნიშნეს, მოცემულ ეტაპზე თანამშრომლობისათვის მეტად მნიშვნელოვანი, ორმხრივი ნაბიჯები გადაიდგა. ასოციაციაში, ზურაბ ლალაზაშვილის თავმჯდომარეობით,  შეიქმნა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტი; ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წევრად დაინიშნა ასოციაციის წარმომადგენელი, დავით კოღუაშვილი; ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ფორმატი და განისაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები; არაერთი შეთანხმება, რომელიც ასოციაციის ეგიდით გამართულ შეხვედრებზე იქნა მიღწეული, რეალიზებული იქნა შესაბამისი სკანონმდებლო ცვლილებების სახით.

თავისი მოხსენების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა მოკლედ მიმოიხილა მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება საგადასახადო და საბაჟო კოდექსების გაერთიანება ერთ ნორმატიულ აქტად. შესაბამის კანონპროექტს უკვე განიხილავს საქართველოს მთავრობა და ახლო მომავალში ის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

გარკვეული ცვლილებებია დაგეგმილი დავების განხილვის საბჭოს მუშაობაშიც.  მეტი გამჭვირვალეობის მისაღწევად, განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები გამოქვეყნდება შესაბამის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის.

ასევე იგეგმება შემოსავლების სამსახურის ჩამოყალიბება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, რაც საშუალებას მისცემს ამ უწყებას, შესთავაზოს ბიზნესს უფრო მრავალფეროვანი სერვისები, რომელთა ძირითადი ნაწილი უსასყიდლო იქნება.

ბუნებრივი დანაკარგების აღიარების საკითხის გადასაწყვეტად შეიქმნა დარგობრივი სამინისტროების სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამთავრობო კომისია.

შეხვედრის დასასრულს ასოციაციის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.