(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა სოფლის მეურნეობის მინისტრსა და პრემიერ მინისტრის მრჩევლის მონაწილეობით 

28 იან '10

მიმდინარე  წლის 28 იანვარს, სასტუმრო  „შერატონ მეტეხი პალასში", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობით, გაიმართა შეხვედრა თემაზე „სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვა და საწარმოთა რეგისტრაციის ამოქმედება" .

ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა სურსათისა და სასმელების სფეროში მოღვაწე კომპანიების ინფორმირება იმ სიახლეებზე, რომლებიც უკავშირდება „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონის ეტაპობრივ ამოქმედებას.

შეხვედრას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბაკურ კვეზერელი და საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი მრჩეველი, თამარ კოვზირიძე ესწრებოდნენ.

თავისი მოხსენების ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სიახლეთა შესახებ, რაც „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" კანონის ამოქმედებასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, სისტემის დანერგვა მოხდება ეტაპობრივად და პირველი ნაბიჯი იქნება სურსათის სფეროში მოღვაწე საწარმოების რეგისტრაცია. აღნიშნული საკანონმდებლო ნოვაციის საბოლოო მიზანი კი, სურსათის უვნებლობის ევროპულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის მიღწევაა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ქალბატონმა თამარ კოვზირიძემ. როგორც მან აღნიშნა, ხელშეკრულების მოსამზადებელ ეტაპზე საქართველომ ევროკავშირისაგან მიიღო რიგი რეკომენდაციებისა და მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ სურსათის უვნებლობის სისტემის დანერგვაა.

სისტემის დანერგვა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება და ამ პროცესში მნიშვნელოვანია, თანაბრად იქნას გათვალისწინებული როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე მცირე საწარმოების ინტერესები და შესაძლებლობები. მთლიანობაში, 2010 წელი განიხილება, როგორც მოსამზადებელი ეტაპი სისტემის დასანერგად და ითვალისწინებს სამი ძირითადი მიზნის მიღწევას:

1. შესაბამის საწარმოთა რეგისტრაცია და მონაცემთა ბაზის შექმნა;

2. სათანადო  საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება;

3. საინფორმაციო კამპანია.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი ჭირაქაძემ ასოციაციის სახელით დაადასტურა მზადყოფნა, კვლავაც შეუწყოს ხელი დიალოგის გაგრძელებას  და დამსწრეთ წარუდგინა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ასათიანი, რომელსაც მუდმივი კონტაქტი ექნება მთავრობისა და ბიზნეს წრეების დაინტერესებულ წარმომადგენლებთან.