საქართველოში ბიზნესმენთა ახალი გაერთიანება იქმნება
2 ოქტ '09
2009 წლის 2 ოქომბერს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოში მოღვაწე მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა პრეზენტაცია საქართველოში ბიზნესმენთა ახალი გაერთიანების - "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" შექმნის ინიციატივის შესახებ.
ბიზნეს ასოციაციის შექმნის მთავარი მიზანი საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა იქნება. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დასახული მიზნის მისაღწევად გეგმავს მჭიდრო ითანამშრომლოს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ და უცხოურ ბიზნეს ასოციაციებთან, უცხოურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სხვადასხვა ქვეყნებში, დამოუკიდებელ ექსპერტებთან, სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მასმედიასთან.
"ბიზნეს ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი სამუშაო მიმართულება საქართველოს ბიზნეს წრეებში არსებული ინტელექტუალური კაპიტალის მოძიებისა და გაერთიანების გზით ბიზნესისა და ზოგადად საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარება იქნება. ასევე ხელი შეეწყობა საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ბიზნესის წარმართვის პროცესში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი როლისა და ადგილის შესახებ." - განაცხადა კომპანია „ვისოლი პეტროლიუმ ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, სოსო ფხაკაძემ.
კომპანია „იუ ჯი თი"-ს პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, მოწინავე ქვეყნების ეკონომიკა ფართოდ ეფუძნება წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციების არსებობას და მათ განვითარებაზე ზრუნვას. ქვეყნის ბიზნეს გარემოს განვითარება საქართველოს სტრატეგიული განვითარების უმთავრესი მიმართულებაა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შექმნა ეფუძნება იდეას, რომ ქართული ბიზნესი უნდა განვითარდეს ქართველ მეწარმეთა ინტერესების, გამოცდილებისა და პრობლემების პრიორიტეტული გათვალისწინებით; რომ სამუშაო ადგილების შექმნას და ბიზნესმენების ხელშეწყობას, მიმზიდველი და მუდმივ გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ბიზნეს გარემო სჭირდება; რომ ბიზნესის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა."
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საინიციატივო ჯგუფმა გამოთქვა რწმენა, რომ რაც მეტი ბიზნესმენი დაინტერესდება ბიზნეს ასოციაციის დაფუძნებაში მონაწილეობის მიღებით და მასში გაწევრიანებით, მით უფრო ძლიერი და გავლენიანი გახდება ბიზნეს ასოციაცია, რაც თავისთავად სასარგებლო იქნება, როგორც წევრი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, ასევე ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის.