(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო საბჭო ვიცე პრემიერს შეხვდა

8 მაის '14

7 მაისს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეურვეო საბჭომ საქმიანი სადილი გამართა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, რომელსაც ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, მათ შორის, წარმოების, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, აგროსექტორის და ენერგეტიკის კუთხით. გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს გააცნო მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო პროექტები, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ბიზნესის სტიმულირების საქმეში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა მთავრობის სამოქმედო პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისკენ. ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში საფონდო ბაზრის განვითარებასა და საპენსიო სისტემის რეფორმის შესახებ. თავის მხრივ ბიზნეს ასოციაციის მიერ შეხვედრაზე წამოჭრილი იქნა ის საკითხები, რომლებიც ბიზნეს გარემოსათვის და ასოციაციის წევრებისთვის მნიშვნელოვანია. დასასრულს, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის დიალოგი ბიზნესთან გაგრძელდება და მსგავს კონსულტაციებს სისტემატური ხასიათი ექნება.