(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან 

12 მარ '14

12 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაცია „ეკონომიკური დეკლარაციის" მიღების ინიციატივით გამოვიდა; დეკლარაცია მოიცავს იმ ფუძემდებლური პრინციპების ჩამონათვალს, რომელიც უნდა გახდეს სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ურთიერთობის, ბიზნესის მიმართ დამოკიდებულების საძირკველი და ბიზნესის გრძელვადიანი განვითარების, სტაბილური ბიზნესგარემოს გარანტი. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა - „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეთაავაზებაა, რომ მოხდეს ერთობლივად, ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ეკონომიკური დეკლარაციის მიღება. ეკონომიკური დეკლარაცია იქნება ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმება ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, რომელიც მოიცავს თამაშის წესებს". პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით „ შესაძლოა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს დეკლარაცია შემდგომი მუშაობის შედეგად იქცეს პარლამენტსა და ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთობის საფუძვლადაც". დეკლარაციის პარალელურად, ბიზნეს ასოციაციის მიერ პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებისათვის წარდგენილი იქნა ინფორმაცია და პოზიცია ამ ეტაპზე ბიზნესისათვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან საგადასახადო გარემოსთან, საპენსიო სისტემის რეფორმასთან, ფასიანი ქაღალდების ბაზართან, შრომის კანონმდებლობასთან, კერძო არბიტრაჟის განვითარებასთან, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზასთან და სხვა. დავით უსუფაშვილის განცხადებით - „ურთიერთობა პარლამენტსა და ბიზნეს წრეებს შორის არ შემოიფარგლება და არ იქნება მხოლოდ კონკრეტულ კანონპროექტთან ან კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით. ეს არის პრაქტიკულად სრული სპექტრი იმ საკითხებისა, რომელიც ქვეყანას აღელვებს. პარლამენტი მზად არის ბიზნესთან ურთიერთობის ახალ სტანდარტზე გადავიდეს, რომელიც ბიზნეს ასოციაციის წევრებს კანონპროექტების განხილვის პროცესში უფრო ინტენსიური მონაწილეობის საშუალებას მისცემს. მოვისმინეთ ანგარიშები საგადასახადო საკითხებზე, კერძო არბიტრაჟზე, ფასიან ქაღალდებზე, სოფლის მეურნეობის საკითხებზე, საბანკო სექტორზე. ყველა ეს თემა მოსაგვარებელია და წინ წასაწევია, რათა ქართულმა ეკონომიკამ უფრო სწრაფი ტემპებით განაგრძოს წინსვლა. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალზეც. ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ერთი მხრივ საქართველოს მოუტანს მეტ შესაძლებლობას ინვესტიციებისთვის, წვდომას ევროპის ბაზარზე, მაგრამ ამავე დროს მოუტანს მეტ კონკურენციას. ამისთვის ქართველი ბიზნესმენები მზად უნდა იყვნენ. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ბიზნეს საზოგადოება ჩართული იქნება, რომ მათი რეკომენდაციებიც გავითვალისწინოთ და მათაც ჰქონდეთ დროული ინფორმაცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე". შეხვედრაზევე შედგა შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს პარლამენტი გააგრძელებენ მუშაობას შეხვედრაზე წამოჭრილი საკითხების დასამუშავებლად და უახლოეს დღეებში დაიწყებენ „ეკონომიკური დეკლარაციის" მიღების პროცესისათვის მზადებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და პარლამენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მსგავს ფორმატში უკვე მეორედ გაიმართა და მასში ასამდე წამყვანი ბიზნესმენი მონაწილეობდა.