(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე დისკუსია გამართა

10 თებ '14

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მის მიერ შექმნილ საქართველოს გრძევადიანი ეკონომიკური განვითარების კონცეფციაზე მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართა დისკუსია. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, აშშ-ის და ბრიტანეთის საელჩოს, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სხვადასხვა ბიზნესგაერთიანების, კვლევითი ორგანიზაციის და კონცეფციის შემუშავებაში მონაწილე ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ შემუშავებულ ეკონომიკური განვითარების კონცეფციაში ასახულია ბიზნესსექტორის დიდი ნაწილის ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა 2014 -2020 წლებში და რა სტრატეგიული ამოცანებია გადასაჭრელი ამ მიზნით. წარმოდგენილი ხედვით საქართველო მიისწრაფის, გახდეს რეგიონში კონკურენტუნარიანი, ექსპორტზე ორიენტირებული, თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული ეკონომიკის მქონე, მაღალი ხარისხის განათლების სისტემის და ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა. კონცეფციის განხორციელების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ხელისუფლების მიერ იმ ძირეული პრინციპების დეკლარირება, რომლებიც ქმნის კეთილსაიმედო, პროგნოზირებადი ბიზნეს გარემოს საფუძველს და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კერძო სექტორის განვითარებას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში დეტალურად არის გაშლილი ის ამოცანები, რომლებიც, ასოციაციის შეფასებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნის გრძელვადიანი და სწრაფი განვითარებისთვის. როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის დასრულებისას აღნიშნა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიესალმებიან მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის პირველი ეტაპის დასრულებას და იმედი გვაქვს, რომ ასოციაციის ხედვები ასახვას ჰპოვებს მთავრობის ეკონომიკურ სტრატეგიაშიც. დღეს თბილისი მერიოტში გამართული შეხვედრის მიზანი იყო, ყველა მხარეს, რომელიც მონაწილეობას იღებს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებში, ემსჯელა კონცეფციაში მოცემულ მთავარ თემებზე.