საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარა
16 ივლ '15
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების უდიდესმა ნაწილმა ინდივიდუალურად შეიტანა საკუთარი წვლილი დედაქალაქში სტიქიის შედეგების აღმოფხვრასა და დაზარალებულთა დასახმარებლად, რაც თავისთავად მისასალმებელია და ამავდროულად საამაყო.
აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განიხილებოდა რამდენიმე გზა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და საბოლოოდ ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ასოციაცია ჩაერთო საქველმოქმედო მარათონში - „ცა მეტია, ვიდრე ცამეტი“.
მარათონის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის 15 ივლისს გაიმართა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრების სახელით 100 000 (ასი ათასი) ლარი გაიღო და სპეციალურ სახაზინო ანგარიშზე გადარიცხა.
ამ სახით, ჩვენ წარმატებით ვაგრძელებთ დამკვიდრებულ ტრადიციას, როცა ძნელბედობის ჟამს პრობლემების ერთობლივად დასაძლევად ბიზნესი- ქართული სახელმწიფოსა და მოქალაქეების გვერდში დგას.