(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან 

26 თებ '15

25 თებერვალს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და ეკონომიკური საბჭოს მდივანს გიორგი გახარიას შეხვდნენ. შეხვედრა ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე საუბარს დაეთმო და განსახილველ საკითხებს შორის, ეროვნული ვალუტის კურსთან ერთად, ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და სირთულეებიც იყო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც უახლოეს პერიოდში იგეგმება ეკონომიკისა და ბიზნესის ხელშეწყობისათვის, მისი თქმით „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ტურიზმის კუთხით დაგეგმილი გვაქვს ძალიან სერიოზული ქმედებები, აქტივობა მთავრობის მხრიდან და ამ მიმართულებით ვფიქრობთ, რომ მთლიანად დავაბალანსებთ სიტუაციას; ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიზნესს, ეკონომიკას, ადამიანებს დავუტოვოთ მეტი ჟანგბადი და ნაკლებად დავაწვეთ ტვირთად ამ სიტუაციაში ეკონომიკას";
მინისტრმა ბიზნესმენებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს გეგმებზე პრივატიზების მიმართულებით და საპრივატიზაციო ობიექტების შესახებ, რომელთა შორის მოხვდა ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შენობა და სხვა; გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უახლოესი თვეების განმავლობაში მხოლოდ ამ ობიექტების რეალიზაციის შედეგად 300-350 მილიონი დოლარის მობილიზება მოხერხდება;
ლარის კურსთან დაკავშირებით ბიზნესმენებთან ასევე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმაც; ნოდარ ხადურის   თქმით, მთავრობას შემუშავებული აქვს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმები - „მოკლევადიანი გეგმა ითვალისწინებს მნიშვნელოვნად დაჩქარდეს პრივატიზაცია. ამავე გეგმაში იგულისხმება, გაიზარდოს ცნობადობა და ტურისტული მიმზიდველობა საქართველოში და ამაზეც ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, ბიუჯეტის და ფისკალური პოლიტიკის თვალსაზრისით პროგნოზის შემცირების კვალობაზე მოგვიწევს ბიუჯეტის გადახედვა. ბიუჯეტში არ შემცირდება ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტებისთვის, ასევე სოციალური კუთხით გამოყოფილი ხარჯები. ჩვენ სერიოზულ საგადასახადო სტიმულებზე ვმუშაობთ, ეს ეხება მშენებლობის სტმულირებას".
შეხვედრის ფარგლებში ბიზნესმენებს ასევე საშუალება ჰქონდათ  ეკონომიკური საბჭოს მდივანთან, გიორგი გახარიასთან განეხილათ ცალკეული პრობლემური საკითხები, რაც ინდივიდუალურად უქმნის სირთულეებს კომპანიებს და აფერხებს მათ განვითარებას.
როგორც შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა - „ბიზნესმა ხელისუფლების წარმომადგნელებს დღევანდელ შეხვედრაზე გაუზიარა საკუთარი შეხედულებები იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც აქვთ, მოვისმინეთ საინტერესო პასუხები ხელისუფლების მხრიდან და თუ მათ მიერ დაგეგმილი ნაბიჯები განხორციელდა, ბევრი რამე დასტაბილურდება და მოგვეცემა საშუალება მოკლე პერიოდში სიტუაცია უკეთესობისკენ წავიდეს."
ასოციაციის პრეზიდენტმა ლარის კურსთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი რესურსია ხელისუფლებაში სიტუაციის მალე გამოსასწორებლად და დასასტაბილურებლად; „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ უფრო სწრაფი ნაბიჯები იქნას გადადგმული, უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს ბიზნესთან, განსაკუთრებით კრიზისული სიტუაციების დროს. დღეს რა მდგომარეობაცაა ყველამ ვიცით, პანიკური სიტუაციაა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება. ხელისუფლების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ნაბიჯების გადადგმა, რომ ეს სიტუაცია მოგვარდეს. ლარის დღევანდელი კურსი არაადეკავატურია და ის ნამდვილად დაიწყებს გამყარებას. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია სწორად ლარის გადახურდავება დოლარში შექმნილი ვითარების გამო".