(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დედაქალაქის მერთან შეხვედრას უმასპინძლა

13 თებ '15

მიმდინარე წლის 13 თებერვალს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში", საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრა დედაქალაქის მერთან, ბატონ დავით ნარმანიასთან, ვიცე მერთან, ბატონ ალექსანდრე მარგიშვილთან, მერის მოადგილეებთან  და მერიის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისათვის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მშენებლობასა და არქიტექტურასთან, ზონირებასთან, ქალაქგეგმარებასთან, ადგილობრივ მოსაკრებლებთან და ნებართვებთან დაკავშირებულ და სხვა მსგავს საკითხებს.
შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, ბიზნეს წრეებსა და დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის ინფორმაცია მიმდინარე პროცესებისა და ბიზნესის საჭიროებების შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში დედაქალაქის მერიის მხრიდან გამოიკვეთა მზადყოფნა, ბიზნესისათვის საინტერესო და საჭირბოროტო ნებისმიერი საკითხი ინდივიდუალურად იქნეს განხილული და მოიძებნოს პრობლემების მოგვარების გზები.
როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა:  „განვიხილავთ ბიზნესის პროექტებსა და პროგრამებს, რაც თბილისის მერიასთანაა დაკავშირებული. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ბიზნესს ადმინისტრაციული პროცედურები და ის ნებართვები, ის პირობები გავუმარტივოთ, რაც მათ სჭირდებათ, რათა სწრაფად დაიწყონ და განახორციელონ ის პროექტები, რომლებიც მათ აქვთ დაგეგმილი, ამიტომაც მნიშვნელოვანია დიალოგი".
შეხვედრის შეფასებისას ბიზნეს ასოციაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ბიზნეს ასოციაცია აგრძელებს შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დღევანდელი შეხვედრაც სწორედ აღნიშნული დიალოგის ნაწილია, -  „დაგროვილია გარკვეული საკითხები, ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ უნდა გაგრძელდეს გულახდილი საუბარი და ყველა პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება".