(+995 32) 2 202-215

სიახლეები

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" მსოფლიოს ბანკის გლობალურ ქსელში გაერთიანდა

30 იან '14

2013 წლის დეკემბერში "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" ჩაერთო "მსოფლიო ბანკის" კერძო სექტორთან ურთიერთობის ოფიცერთა გლობალურ ქსელში. ქსელი აერთიანებს 106 ქვეყნის 156 ბიზნესგაერთიანებას (სავაჭრო-სამრეწველო პალატებს, ბიზნეს და სავაჭრო ასოციაციებს, საინვესტიციო სააგენტოებს).
"საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" სახით საქართველო პირველად ჩაერთო ამ ქსელში. კერძო სექტორთან ურთიერთობის ოფიცერი ეხმარება ბიზნეს სექტორს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შესაძლებლობების, მომსახურების და ცოდნის საუკეთესოდ გამოყენებაში. ის, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს ურჩევს, როგორ შეიძლება კერძო სექტორის უკეთ ჩართვა სექტორის განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებში. საქართველოში კერძო სექტორთან ურთიერთობის ოფიცერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ირინა კვახაძე წარმოადგენს.
2014 წლის იანვარში, ქალაქ პარიზში გაიმართა მსოფლიო ბანკის კერძო სექტორთან ურთიერთობის ოფიცერთა მე-12 ყოველწლიური შეკრება, რომელსაც დაესწრო "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ირინა კვახაძე. შეკრებაზე სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს და სავაჭრო ასოციაციების, პალატების თუ სააგენტოების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან ურთიერთობის გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა.
ბიზნეს გარემოს განვითარების მიზნით "საქართველოს ბიზნეს ასოციაცია" განაგრძობს თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტთან, მათ შორის მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. მსოფლიო ბანკის გლობალურ ქსელში გაერთიანებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კიდევ ერთი მექანიზმი შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას.