(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და EBRD კვლავ თანამშრომლობენ

14 იან '14

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე და ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველ დირექტორს ოლივიე დეკამპს შეხვდნენ, სადაც ბიზნეს ასოციაცია და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარების და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პერსპექტივებს. შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყანაში შენარჩუნდეს სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო, არსებობდეს დეკლარირებული ეკონომიკური ხედვა და არ შეწყდეს ბიზნესის განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელება.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ მომზადებული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეფციის ის კომპონენტები, რაც დაკავშირებულია საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებასთან და შესაძლებელს ხდის, მოკლე ხანში მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ბიზნესგარემო; ეს კომპონენტებია: საგადასახადო დანაშაულთა ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის რეფორმირება, საგადასახადო დავების გადაჭრის ეფექტური მექანიზმების განვითარება, საგადასახადო შემოწმებების მექანიზმების დახვეწა, შესაბამის კანონმდებლობაში ორმაგად წაკითხვადი ნორმების მინიმუმამდე დაყვანა და სხვა.
შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავების განხილვის და გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმები - არბიტრაჟი და მედიაცია.
შეხვედრაზე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ წამოყენებულ ინიციატივებს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ინიციატივების განხორციელება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება საქართველოში ბიზნეს გარემოს განვითარებაში.