(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე და ლარის კურსზე ისაუბრა

10 იან '14

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პარასკევს, 10 იანვარს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უმასპინძლა.

შეხვედრამ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოიწვია, რამდენადაც მათ ჰქონდათ საშუალება უშუალოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისაგან მიეღოთ ინფორმაცია ეკონომიკური მაჩვენებლების და ლარის კურსის ცვალებადობის მიზეზების შესახებ, ასევე დაეყენებინათ მათთვის საინტერესო საკითხები და მიეღოთ პასუხები.

 

როგორც შეხვედრის გახსნისას ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა „დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესმენებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია მიმდინარე ეკონომიკური პროცესების და ტენდენციების შესახებ, რათა შეძლონ სწორი მოლოდინების ფორმირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება"

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ინფორმაცია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების, საგადამხდელო ბალანსის და მონეტარულ პოლიტიკის შესახებ.

 

გიორგი ქადაგიძემ ვრცლად ისაუბრა ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით, მისი განცხადებით: „ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი კურსი, რაც ნიშნავს, რომ კურსი არის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ე.წ. ავტომატური სტაბილიზატორი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა დეფლაციური ფონი, ამიტომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვქონდა შერბილებული მონეტარული პოლიტიკა. ამას დაემატა მეოთხე კვარტალში ბიუჯეტის დეფიციტის ათვისება. ამ ყვლაფერმა კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, გაცვლით კურსზე ზეწოლა წარმოქმნა. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ინფლაციურ პროცესებში გადაიზრდება, პოლიტიკის გამკაცრებას დავიწყებთ, რათა ინფლაცია იყოს სამიზნმე ნიშნულის მახლობლად"