(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრთა რიგით მესამე ყრილობის გადაწყვეტილებით ასოციაციის მმართველ ორგანოებში ცვლილებები განხორციელდა

18 ოქტ '13

18 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგით მესამე საერთო ყრილობა გაიმართა, რომელზეც ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები, სამეთვალყურეო საბჭო და სამეურვეო საბჭო აირჩიეს.
არჩევნებამდე ასოციაციის წევრებმა ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის ანგარიში მოისმინეს ასოციაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
განვლილი ორი წელი „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისათვის" უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა. დღიდან დაარსებისა, ბიზნეს ასოციაცია მიზანმიმართულად მიიწევდა იმ მიზნისაკენ, რომ ჩამოყალიბებულიყო როგორც დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის მქონე, ობიექტური და მიუკერძოებელი ინსტიტუტი სახელმწიფოს, ბიზნესსა და საზოგადოებას შორის დიალოგის საწარმოებლად.
ასოციაციამ მოახერხა და შეინარჩუნა ასოციაციის დაარსებისას განსაზღვრული, მისი საქმიანობის ძირეული პრინციპი - აპოლიტიკურობა და შედეგად - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ორგანიზაცია დღეს სარგებლობს ნდობის მაღალი მანდატით.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ" აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან  მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში შეძლო არაერთი პოზიტიური ნაბიჯის გადადგმა ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ასოციაციის ძალისხმევით შექმნილი კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმები უზრუნველყოფენ ხელისუფლებასთან დიალოგის წარმოებას და ბიზნეს გარემოს მუდმივ გაუმჯობესებას.
ასოციაცია განვლილი პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის რეფორმირების პროცესში და თავადაც არაერთი ინიციატივის ავტორი გახლდათ.
2013 წლის ბოლოსათვის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც გამოქვეყნდა ასოციაციის მიერ შექმნილი „საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეფცია" - დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების, ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილის ხედვას იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები და რა თანმიმდევრობით უნდა იქნეს გადადგმული იმისათვის, რომ მიღწეული იქნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური ეკონომიკური ზრდა და რაც ყველაზე მთავარია - საყოველთაო კეთილდღეობის დონის სისტემატური ამაღლება.
მომავალში ასოციაცია თავისი საქმიანობის არეალის კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს, რათა ბიზნესი მაქსიმალურად ჩაერთოს სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმების პროცესში.
ასოციაციის წევრთა ყრილობის ფარგლებში გაიმართა ასოციაციის მმართველი ორგანოების არჩევნები, რომელთა შედეგად მომდევნო ორი წლის განმავლობაში „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი კვლავ გიორგი ჭირაქაძე იქნება, იგი ერთხმად იქნა არჩეული აღნიშნულ პოსტზე. ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი სამსონ ფხაკაძე, ხოლო ვიცე პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი იქნებიან.
ცვლილებებია ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოში, რომელიც ასოციაციის წევრების მიერ, ფარული კენჭისყრით დაკომპლექტდა (ანბანური თანმიმდევრობით): 

ბახტაძე  მამუკა (საქართველოს რკინიგზა)

კაციტაძე მარინა (პროგრესი)

კვარაცხელია გიორგი (ლილო მოლი)

კიკვაძე ზაზა (IDS ბორჯომი საქართველო)

კილაძე დავით (ჯი პი სი)

კურცხალია გიორგი (მაგი სტილი)

ნაკაიძე ივანე (პეტროკას ენერჯი გრუპი)

პაპაშვილი ლაშა (ბანკი რესპუბლიკა სოსიეტე ჯენერალი)

ფხაკაძე სოსო (ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია)

ცანავა გურამ (რაკია)

ჭირაქაძე გიორგი (იუ ჯი თი)

წევრთა ყრილობის მიერ დამტკიცებული იქნა ასევე ასოციაციის სამეურვეო საბჭო შემდეგი შემადგენლობით (ანბანური თანმიმდევრობით):

ბენდუქიძე კახა (ცოდნის ფონდი)

ბეჟუაშვილი დავითი (საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი)

გილაური ირაკლი (საქართველოს ბანკი)

გურგენიძე ლადო (ლიბერთი ბანკი)

იაკობაშვილი დავით (პეტროკას ენერჯი გრუპი)

კურტანიძე პაატა (ავერსი)

ნაყოფია კობა (დრიმ ვიჟენ ინქორფორეითედ)

ნიშნიანიძე ზაზა (შარმ ტრეიდინგი)

ოქრიაშვილი კახა (პე ეს პე)

პაპაშვილი ლაშა (ბანკი რესპუბლიკა)

რამიშვილი გიორგი (სილქ როუდ ჯგუფი)

ფიფია რომან (აზოტი)

ფხაკაძე სოსო (ვისოლ ჯგუფი)

ღამბაშიძე გიორგი (მედია პრო ჯორჯია)

ჭირაქაძე გიორგი (იუ ჯი თი)

ხაზარაძე მამუკა (თი ბი სი ბანკი)

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" დაარსებიდან უკვე ოთხი წელი გავიდა, დღეისათვის ასოციაცია სამოცდაათამდე მსხვილ კომპანიას აერთიანებს და აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების პროცესში.