(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს პარლამენტი და ბიზნეს ასოციაცია თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ

9 ოქტ '13

9 ოქტომბერს, სასტუმრო „რედისონში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ბიზნეს ასოციაციის წევრების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად, ბიზნესსა და პარლამენტის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია მუდმივ ხასიათს მიიღებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ინიციატივით, სამ თვეში ერთხელ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი, კომიტეტის თავმჯდომარეები და დაინტერესებული დეპუტატები ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე საკითხების განსახილველად შეიკრიბებიან და ერთმანეთს მოსაზრებებს, არგუმენტებს გაუზიარებენ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, „ასეთი შეხვედრები იქნება ყოველკვარტალური. ამ შეხვედრებს დაესწრებიან კომიტეტის თავმჯდომარეები და პარლამენტის ის წევრები, რომლებიც აქტიურობენ იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რაც ბიზნესწრეების ინტერესში იქნება. კანონმდებლები ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობენ გეგმებს, არგუმენტებს თუ რატომ ხდება ამა თუ იმ კანონის მიღება. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ბიზნესის ასოციაცია პარლამენტში ოფიციალურად მოავლენს ლობისტს, რომელიც პარლამენტში მუდმივად დაიდებს სამუშაო კაბინეტს და არცერთი კანონი არ იქნება განხილული, სანამ ბიზნესწრეების დასკვნები არ გვექნება".
თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლობა პარლამენტში ოფიციალურად, ლობისტის მეშვეობით.
„ბიზნეს ასოციაციის ლობისტი პარლამენტში მუდმივად დაიდებს ბინას. მისთვის ღია იქნება ნებისმიერი კაბინეტის, ნებისმიერი კომიტეტის, ყველა შეხვედრის კარი და პარლამენტში არც ერთი კანონპროექტი განხილული არ იქნება ბიზნესწრეების დასკვნების გარეშე. მათ ექნებათ საშუალება ყველა ასეთ განხილვას დაესწრონ.", აღნიშნა შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ბიზნესი მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენებს თანამშრომლობის შემოთავაზებულ ფორმატებს, რათა საჯაროდ და გამჭვირვალედ წარმოადინოს და დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია ბიზნესისათვის მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.