(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ბიზნეს ასოციაციის წევრებთან მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა

9 ოქტ '13

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, 9 ოქტომბერს სასტუმრო „რედისონში" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა პარლამენტსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ფორმატის და სამომავლო პერსპექტივების განხილვას.
როგორც შეხვედრის დასაწყისშივე ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, „პარლამენტს, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ბიზნესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ფორმირებასა და გაუმჯობესებაში; ამ პროცესში მნიშვნელოვანია არსებობდეს კომუნიკაციის ეფექტური მექანიზმები, რათა კანონმდებლებს გააჩნდეთ ინფორმაცია ბიზნესის ობიექტური საჭიროებების და ხედვის შესახებ".
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებსთან ვრცლად ისაუბრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებზე და იმ საკანონმდებლო აქტებთან დაკავშრებით, რომლებიც ბიზნესის განსაკუთრებული ინტერესის საგანია; როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა,  ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტს რამდენიმე ისეთ საკანონმდებლო ინიციატივაზე მოუხდა მუშაობა, რაც საყოველთაო მხარდაჭერის საგანი არ არის.
„დღევანდელ პარლამენტში მართლაც ნამდვილი პარლამენტი იბადება, სადაც პარლამენტი ერთი ან ორი კაცის ნების აღმსრულებელი კოლექტიური ორგანო არ არის და სადაც შეიძლება დებატები და დებატებით საკითხების გადაწყვეტა. ეს დემოკრატიისათვის ისეთივე აუცილებელი პირობაა, როგორც თქვენთვის ფინანსები. ნუ შეგაშფოთებთ ის ამბავი, თუკი გაიგებთ, რომ პარლამენტმა რაღაც კანონპროექტზე დაიწყო მსჯელობა, რაც არც თუ ისე კარგს უქადის ბიზნესს. პარლამენტის წევრმა შეიძლება დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა, მას ამის უფლება აქვს, პროცესი სწორედ ამის შემდეგ იწყება. მოდით ერთად ჩავერთოთ ამ პროცესში. ვიმსჯელოთ და გავასწოროთ რაღაც-რაღაცები", - მიმართა ბიზნესმენებს დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტის ირგვლივ შექმნილ ვითარებას, კერძოდ ესენია - მორატორიუმი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშრებით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის სამართლებრივი რეგულირება, შრომის კოდექსი და სხვა.
უმნიშვნელოვანესი შედეგი, რომელიც შეხვედრის ფარგლებში იქნა მიღწეული გახლდათ შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც პარლამენტის თავმჯდომარე, და საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელები დაინტერესებულ დეპუტატებთან ერთად, პერიოდულად შეხვდებიან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს, რათა განიხილონ ბიზნესისათვის მნიშვნელოვან საკანონმდებლო აქტებზე მუშაობის პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული ფორმატი საშუალებას მისცემს მოქმედ ბიზნესს გამჭვირვალე და ღია კომუნიკაციის საშუალებით, უშუალოდ კანონმდებლებთან  დაფიქსირონ თავიანთი ხედვა და ისაუბრონ არსებულ პრობლემატიკაზე.
გარდა აღნიშნულისა, შეხვედრის ფარგლებში ასევე მოხდა შეთანხმება, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პარლამენტში წარმოდგენილი იქნება საკუთარი ლობისტის მეშვეობით, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გაცვალოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოსთან.
პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შეფასებისას, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, რომ „ბიზნესსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის ის ფორმატი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი, უაღრესად მნიშვნელოვანი და ორმხრივად სასარგებლო იქნება მასში ჩართული ყველა მონაწილისათვის, რადგან ეს არის ყველაზე ეფექტური გზა, რომლის მეშვეობითაც ბიზნეს წრეებს და პარლამენტს საშუალება ექნებათ ინტენსიურად, ღიად იმუშაონ საერთო პრობლემებზე„