(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციის წევრებმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს

7 ოქტ '13

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ბიზნეს ასოციაციის წევრებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან და შემოსავლების სამსახურის უფროსთან ერთად საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი განიხილეს.
ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს მიერ იქნა მომზადებული და ის რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, კერძოდ:
უქმდება საგადასახადო კოდექსის მეორე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს განმარტოს კოდექსის ცალკეული ნორმები და აღნიშნული თავისი შეხედულებისამებრ შეუთანხმოს საქართველოს მთავრობას.
ახალი რედაქციით ყალიბდება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მექანიზმები. საგადასახადო დავალიანების შემცირების გარდა უქმდება ყველა სხვა სახის საგადასახადო შეთანხმება, ზუსტდება რომ დღგ-ით დაბეგვრა ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ საქონლის მიწოდებასა და მომსახურების გაწევას.
2014 წლიდან იგეგმება გადასახადების ერთიანი სახაზინო კოდის პრინციპის ამოქმედება, რაც გადასახადის თანხის ერთ ანგარიშზე სახაზინო კოდის მითითების გარეშე ჩარიცხვას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე ბიზნე ასოციაციის წევრთა მიერ წამოჭრილი, ბიზნესისათვის აქტუალური ისეთი საკითხები, როგორებიცაა საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწა, ფინანსთა სამინისტროში საგადასახადო დავების საბჭოს ეფექტურობის ამაღლება, საგადასახადო შეთანხმებები, საგადასახადო დანაშაულთა ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია და გამიჯვნა და სხვა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან ბიზნესის  თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ეტაპობრივად იქნეს დაძლეული ის სირთულეები, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს.