(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნეს ასოციაციის წევრები ბიზნეს ომბუდსმენს შეხვდნენ

27 სექ '13

შეხვედრა, რომელიც 27 სექტემბერს ბიზნეს ასოციაციის ინიციატვით გაიმართა ბიზნეს ომბუდსმენისა და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობით, იმ საკითხების განხილვას დაეთმო, რომლებიც ასოციაციასა და ბიზნეს ომბუდსმენს შორის მჭიდრო თანამშრომლობის პროცესში წამოიჭრა ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის შეფასებით, ბიზნესი აქტიურად ცდილობს მის წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ ისაუბროს და ასოციაციისათვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში ბიზნეს ომბუდსმენის აქტიური ჩართულობა; განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, რიგ კომპანიებს უკვე მოუგვარდათ მათ წინაშე მდგარი სხვადასხვა სახის პრობლემები.
შეხვედრის გარკვეული ნაწილი დაეთმო შრომის კოდექსში უკვე განხორციელებული ცვლილებების ეფექტის განხილვას  და მომავალში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს.
ბიზნეს ომბუდსმენმა ასოციაციის წევრებს გააცნო საკუთარი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნეს მომავალში მოწყობილი ბიზნესსა და ომბუდსმენის აპარატს შორის თანამშრომლობის ფორმატი, რის შედეგადაც კიდევ უფრო გაიოლდება პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მათ მოსაგვარებლად ეფექტური მექანიზმები ჩამოყალიბდება.