(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნეს ასოციაციამ ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრას უმასპინძლა

13 ივნ '13

12 ივნისს, სასტუმრო რედისონში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ბიზნესმენები ფინანსთა მინისტრს, შემოსავლების სამსახურის უფროსს და მათ მოადგილეებს შეხვდნენ. ფინანსთა მინისტრმა, ბიზნეს ასოციაციის წევრებს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და პრიორიტეტები გააცნო, საუბარი შეეხო ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას, ტენდენციებს და მოსალოდნელ შედეგებს.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს საგადასახადო სისტემაში მიმდინარე პროცესებს, საგადასახადო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სიახლეებს, რომლებიც ქვეყნის ბიუჯეტისა და გადასახადების გადამხდელთა ინტერესების გათვალისწინებით ინერგება საგადასახადო სფეროში.
სიახლეთა შორის, გადასახადების  გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესებისა და სერვისების გამარტივების მიზნით არის შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ელექტრონულ მომსახურებაში დანერგილი რამდენიმე აქტუალური სერვისი, რომლის პრეზენტაცია შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს. ზემოაღნიშნული სიახლეების უფრო დეტალურად გასაცნობად, პრაქტიკაში სრულფასოვნად გამოყენების და დადებით-უარყოფით მხარეებზე შესაძლო რჩევების მიცემის მიზნით, ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისათვის ახლო მომავალში იგეგმება  ტრენინგები, რომელსაც გაუძღვებიან შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრის დასასრულს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, შეხვდერაზე განხილული იყო ყველა ის საკითხი, რომელიც ბიზნესისთვის აქტუალურია, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო სფეროში დაგეგმილი რეფორმები. „ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნის აშენებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობა და მე მოხარული ვარ, რომ ბიზნესმენებმა დღეს  მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოში ინვესტიცია გაზარდონ და მეტი ადამიანი დაასაქმონ." - აღნიშნა ხადურმა. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში შედის და ეს ყველა მხარისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამინისტრო მზადაა ბიზნესმენებთან დიალოგი აქტიურად  გაგრძელოს და ყველა გადაწყვეტილება მათთან კონსულტაციის შედეგად მიიღოს.