(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

12 აპრ '13

საქართელოს ბიზნეს ასოციაციის მიერ სასტუმრო „რედისონში" ორგანიზებულ შეხვედრაზე ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, აგრეთვე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ, სადაც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ, საგადასახადო რეფორმებზე და ბიზნესის წინაშე მდგარ პრობლემებზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი იქნა საგადასახადო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი და საგადასახადო პოლიტიკის მიმართულებით ახალი ხედვები. ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს გადასახადების ადმინისტრირების სრულყოფას, სანქციების შემდგომ ლიბერალიზაციას, ქველმოქმედების წახალისებას. გარკვეული კატეგორიის გადამხდელთა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიმართ საგადასახადო შეღავათების დაწესებას, ზოგიერთი არსებითი და რედაქციული ხარვეზის გამოსწორებას. ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის პრობლემების მოსმენა, თანამშრომლობა მასთან და გადაწყვეტის გზების ძიება". ფინანსთა მინისტრის განმარტებით საგადასახადო კოდექსში შესაძლო ცვლილებებზე მსჯელობისას საუბარი იქნება ფინანსთა მინისტრის უფლებების შეზღუდვაზე. კერძოდ, მინისტრს საგადასახადო კოდექსის ერთპიროვნულად განმარტების უფლება ჩამოერთმევა, რაც, ხელს შეუწყობს ბიზნესის გაცილებით სტაბილურ გარემოში მუშაობას.
შეხვედრის ფარგლებში ბიზნესმენების დიდი დაინტერესება გამოიწვია ასევე ეკონომიკის სამინისტროს ხედვამ ზოგიერთ პრობლემურ საკითხთან მიმართებაში. კერძოდ, საუბარი შეეხო ბიზნესისათვის ისეთ საჭირბოროტო თემებს, როგორებიცაა შრომის კოდექსში და კონკურენციის შესახებ კანონებში მოსალოდნელი ცვლილებები, სამშენებლო და სადაზღვევო სექტორში არსებული მდგომარეობა და ა.შ.
ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, „ხელისუფლებამ მაქსიმალურად ხშირად უნდა ისაუბროს ბიზნესზე არაოფიციალურ გარემოში; "ჩვენ უნდა მოვისმინოთ მიმდინარე პრობლემები, რაც შეიძლება ბიზნესს აწუხებდეს, რათა ისინი დაუყოვნებლივ გადაწყდეს. დარწმუნებული ვარ, ბიზნესს ბევრი აქვს სასაუბრო". შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კოდექსი ისევ მტკივნეულ საკითხად რჩება. როგორც მინისტრმა განაცხადა, „ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება ამ საკითხებზე მსჯელობა. საპარლამენტო კომიტეტებში განხილვის პროცესშიც ჩავერთვებით და მაქსიმალურად შევეცდებით, ბალანსი გამოვასწოროთ, რათა საბოლოო ჯამში, არ მივიღოთ ისეთი შრომის კოდექსი, რომელიც ბიზნეს-გარემოს დააზარალებს. მაგალითად, ბიზნესის ბევრ შენიშვნას ვეთანხმები, თუმცა რაღაც ნაწილს არ ვიზიარებ".
რაც შეეხება კონკურენციის შესახებ კანონში მოსალოდნელ ცვლილებებს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს არ ხდება ბარზარზე უკვე არსებული რომელიმე კომპანიის ან კომპანიების შესავიწროვებლად; ცვლილებების მიზანია, რომ ხელი შეუწყოს კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარებასა და განმტკიცებას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ბიზნესთან შეხვედრას სასიამოვნო ტრადიცია უწოდა და აღნიშნა, რომ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც "ქვეყანა განვითარების რთულ და მნიშვნელოვან პერიოდში იმყოფება".

შეხვედრის შედეგების შეჯამებისას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ბიზნესისათვის აუცილებელია რეგულარული და მჭიდრო კომუნიკაცია მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, რათა შეუფერხებლად ხდებოდეს არგუმენტების გაცვლა და დაგროვილი პრობლემების შესახებ ინფორმაციის გაზიარება, რაც საშუალებას მისცემს მთავრობას და ბიზნესს ერთობლივი ძალისხმევით ადვილად გაუმკლავდნენ პრობლემებს და მეტი წვლილი შეიტანონ ეკონომიკის ზრდაში.