(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ევროპის საარბიტრაჟო პალატასთან ერთად არბიტრაჟის განვითარების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

1 აპრ '13

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნეს ასოცოაციისა და ევროპის საარბიტრაჟო პალატის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია "არბიტრაჟის პერსპექტივები საქართველოში; არბიტრაჟის როლი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საერთაშორისო საარბიტრაჟო კონვენციების შესრულება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში".
კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში არბიტრაჟის პრაქტიკის მიმოხილვა და მისი განვითარების შემაფერხებელ პრობლემებზე მსჯელობა. კონფერენციის ფარგლებში გაჟღერდა ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომლიც ბიზნესსაზოგადოების და ექსპერტების აზრით ხელს შეუწყობს ქვეყანაში წარმატებული არბიტრაჟის ფორმირებას და განვითარებას. ევროპის საარბიტრაჟო პალატის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს  თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
"არბიტრაჟის გზით დავების გადაწყვეტის წარმატებული პრაქტიკა დღეს იდგამს ფეხს ქართულ ბიზნესში. ესეთი პრაქტიკა უკვე ფართოდაა გავრცელებული განვითარებულ ქვეყნებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არბიტრაჟით დავების გადაწყვეტა მხარეებს თავიდან აცილებს სასამართლო ფორმალურ პროცედურებს, ბიზნესურთიერთობის გაწყვეტასა და კონფლიქტს, ხელს უწყობს ორმხრივად მისაღები გზით დავის მოწესრიგებას ახალი, საარბიტრაჟო შეთანხმების შედგენით, რაც უმეტეს შემთხვევაში მისი შესრულების გარანტიაა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკვე რამდენიმე წელია რაც მუშაობს არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე, შემუშავებული იქნა რიგი საკანონმდებლო ინიციატივებისა, რომელთა ნაწილი უკვე აისახა კანონმდებლობაში, ნაწილი კი ამჟამად მიწოდებულია იუსტიციის სამინისტროსათვის და ვიმყოფებით სამუშაო პროცესში. დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მიზანიც სწორედ ისაა, რომ კერძო არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარებით დაინტერესებულმა ყველა მხარემ ერთობლივად განვიხილოთ არბიტრაჟის წინაშე არსებული გამოწვევები" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი ჭირაქაძემ.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ჭირაქაძე, ევროპის საარბიტრაჟო პალატის ტრიბუნალის თავმჯდომარე იოჰან ბიე, ევროპის საარბიტრაჟო პალატის პრეზიდენტი გენადი პამპუხა, საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები.
როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა განაცხადა, უახლოეს დღეებში მინისტრის ბრძანებით შეიქმნება კერძო სამართლის სფეროზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც არა მხოლოდ არბიტრაჟზე, არამედ სხვა საკანონმდებლო პრობლემატიაკზეც იმუშავებს.