(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს კიდევ ერთი წარმატებული კომპანია შეუერთდა

4 მარ '13

"მეღვინეობა ხარება" თავისი იდეოლოგიით ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების დამცველი, ხოლო ტექნოლოგიებით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციურია. ღვინის საწარმოებლად იგი იყენებს მაღალი ხარისხის ყურძენს და ორიენტირებულია პრემიუმ კლასის ღვინის წარმოებაზე. კომპანია ხარისხზე ზრუნვას ვენახიდან იწყებს. მევენახეობაში მისი სტრატეგია გულისხმობს ვაზის ქართული ჯიშების გაშენებას თავ-თავიანთ მიკროზონებში, სადაც ისინი ისტორიულად ჩამოყალიბდნენ საუკეთესო საღვინე ჯიშებად.
მეღვინეობა ხარებას პროდუქცია მრავალფეროვანია და გათვლილია მომხმარებლის სხვადასხვა გემოვნებაზე. კომპანია ღვინოს აწარმოებს საფერავის, რქაწითელის, მწვანეს, ხიხვის, ქისის, ოცხანური საფერეს, ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ალადასტურის, უსახელოურის, კაბერნეს და მერლოს ვაზის ჯიშებიდან.
ღვინის წარმოება ხდება იმერეთში მდებარე თერჯოლის ღვინის საწარმოსა და კახეთში - ვაჩნაძიანის ღვინის ქარხანაში. აქ მზადდება ყველა ტიპის, მხარის, ადგილწარმოშობის, თეთრი, წითელი, მუხის კასრში დაძველებული, ცქრიალა და ქვევრის ღვინოები. ღვინის დაძველება და მოვლა მიმდინარეობს, როგორც თერჯოლის ღვინის საწარმოში, ასევე 7.7 კილომეტრიან უნიკალურ ღვინის საცავ - ყვარლის გვირაბში.
"მეღვინეობა ხარებას" ღვინის საძველე - ყვარლის გვირაბი, ღვინის ტურიზმის განუყოფელ ნაწილსაც წარმოადგენს. ღვინის ტურით დაინტერესებულ სტუმარს შეუძლია ათი-ათასობით დაძველების ბოთლის საცავში დააგემოვნოს კომპნიის მიერ წარმოებული საუკეთესო ღვინოები, დაისვენოს გვირაბის გარშემო გაშენებულ რეკრიაციულ პარკში და დატკბეს კლდეში ნაკვეთი ღვინის საძველის თავზე მდებარე რესტორანი "საფერავის" კოშკურიდან გადაშლილი ალაზნის ველისა და ყვარლის ვენახების ხედით.
"მეღვინეობა ხარება"-ს პროდუქციის დაგემოვნება და შეძენა შესაძლებელია კომპანიის საფირმო მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობენ: თბილისში, ბათუმში, მცხეთაში, თერჯოლაში, ახალციხესა და ყვარელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოში მოქმედი ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანებაა, რომელიც 2009 წლიდან არსებობს. ჩვენ რიგებში გაერთიანებულია სამოცზე მეტი მსხვილი კომპანია ბიზნესის თითქმის ყველა სფეროდან. ჩვენი წევრი კომპანიების მიერ დასაქმებულთა რაოდენობა ასი ათას ადამიანზე მეტია, ხოლო ბიუჯეტში გადასახადების სახით ყოველწლიურად გადახდილი თანხები ასეულობით მილიონ ლარს აღწევს. ასოციაციის დაარსების მიზნად იმთავითვე განისაზღვრა ქვეყანაში ბიზნეს გარემოს, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და ამ მიზნის მისაღწევად აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, სხვა ბიზნეს გაერთიანებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური მუშაობა.