(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ბიზნეს ასოციაციის წევრებს

11 თებ '13

11 თებერვალს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ასოციაციის წევრი კომპანიების 100-მდე წარმომადგენელს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ფინანსთა მინისტრმა ბიზნესმენებს გააცნო მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - ბიზნესის წარმოება  საქართველოში იყოს თავისუფალი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩარევისგან, ქვეყანაში აღარ არსებობდნენ პრივილეგირებული ბიზნესმენები, კანონი ყველასთვის იყოს თანაბარი და ბაზარზე მოქმედებდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობები. შეხვედრაზე განიხილული იქნა ყველა ის საკითხი, რომელიც ბიზნესისთვის აქტუალურია, მათ შორისაა, ბიზნესის ხელშეწყობისთვის საგადასახადო და საბაჟო სფეროში ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები, კანონმდებლობის დახვეწის კუთხით გათვალისწინებული სიახლეები, დავების განხილვის საბჭოს მუშაობა, სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობა, განიხილეს ლიბერალიზაციის მიმართულებით საგადასახადო კოდექსში ცვლილელების ამოქმედების შემდეგ არსებული ვითარება და ამ კუთხით ბიზნესის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები. იმსჯელეს 2013 წელს ეკონომიკური ზრდისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
„ჩვენი ამოცანაა ბიზნესთან თანამშრომლობით ავაშენოთ ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, რაც წარმოუდგენელია სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პარტნიორობის გარეშე. ბიზნესისგან არის სრული მზადყოფნა, რომ გაზარდონ ინვესტიციები, დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა. საუბარი შეეხო იმ რეალობას, რომელშიც დღეს საქართველოა და იმ გზებს და ხედვებს, რომლებიც ახალ მთავრობას აქვს, მათ შორის, საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„მნიშვნელოვანი და დადებითია ის, რომ ფინანსთა მინისტრმა მოისმინა ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს ბიზნესს აწუხებს. ბევრ საკითხზე საერთო პოზიციები დავაფიქსირეთ. ჩვენთვის ყველაზე პრინციპულია, არსებობდეს კომუნიკაცია, რაც ბიზნესს და ხელისუფლებას საშუალებას მისცემს იყოს მუდმივი დიალოგი, რომლის დროსაც  მთავრობას მივაწვდით ჩვენს რეკომენდაციებს და წინადადებებს,  - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.  
შეხვედრაზევე შედგა შეთანხმება, რომ ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მომავალში მჭიდროდ გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა ბიზნესს შეეძლოს მის წინაშე არსებული პრობლემების განხილვა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივი ძიება, რათა ბიზნესს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ფინანსთა მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა ყველა გადაწყვეტილება მიიღოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად.