(+995 32) 2 202-215

სიახლეები

პაატა ტრაპაიძემ ბიზნესმენებთან დასაქმების სამინისტროს გეგმებზე ისაუბრა

10 ოქტ '12

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დასაქმების სახელმწიფო მინისტრს  - პაატა ტრაპაიძეს და მის მოადგილეს  ნიკოლოზ რამიშვილს უმასპინძლა. შეხვედრა, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ბიზნესმენები ესწრებოდნენ, ამა წლის 10 აგვისტოს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა.
პაატა ტრაპაიძემ ბიზნესმენებს ახლადშექმნილი სამინისტროს სამოქმედო გეგმები და მისი ხედვები გააცნო. მინისტრის განცხადებით, სამინისტროს მცირე, მოქნილი აპარატი ეყოლება, რომელიც საწყის ეტაპზე იმუშავებს ქვეყნის მასშტაბით დასაქმების მსურველთა ბაზის შექმნაზე. ამჟამად საქართველოს ოცდახუთ ქალაქში სამი ათასამდე ადამიანი ახორციელებს უმუშევართა აღრიცხვას და სავარაუდოდ ერთიანი ბაზა უკვე ნოემბრის შუა რიცხვებისათვის იქნება მზად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეიქმნება "უმუშევარი პირის" სამართლებრივი სტატუსი, განხორციელდება აღნიშნული პირების ტესტირება, ტრენინგები და შემდგომში მათი  დახმარება სამუშაო ადგილის პოვნაში.
დასაქმების პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზად განიხილება შრომის ბირჟის შექმნა, რომელიც იქნება  დასაქმების მსურველთა და არსებული ვაკანსიების შესახებ მონაცემთა ერთიანი, ავტომატიზებული ბაზა.
როგორც პაატა ტრაპაიძემ განაცხადა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა ძირითადად ბიზნესის გაზრდით, გაფართოვებით და ახალი ბიზნესების შექმნითაა შესაძლებელი, მნიშვნელოვანია ასევე თვითდასაქმებაც სხვადასხვა სფეროებში. სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთობლივად უნდა იმუშაონ, რათა აღმოიფხვრას ის გარემოებები, რაც ბიზნესის ზრდას და აქედან გამომდინარე ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას უქმნის დაბრკოლებას.
მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ ასოციაციასა და სამინისტროს შორის შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი მოგვარების სტრატეგიის შემუშავებაზე.