(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბიზნესმენებთან ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები განიხილა

22 ივნ '12

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ჯანდაცვის რეფორმის ბიზნესისათვის საინტერესო მიმართულებზე ისაუბრა. მინისტრმა სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებზე პრეზენტაცია გამართა და ბიზნესმენებთან ერთად მომავალი ინვესტირებისათვის პერსპექტიული სფეროები განიხილა. მინისტრის განცხადებით ხარისხიანი და თანამედროვე ჯანდაცვის სისტემის შექმნა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სახელმწიფო ხელს შეუწყობს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ჰოსპიტალურ სექტორში ინვესტირების ზრდას და მოსახლეობისთვის მაღალი დონის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას გულისხმობს.
ზურაბ ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სექტორის მთავარი გამოწვევა სამედიცინო მომსახურებებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. სწორედ ამიტომ, ახალი და თანამედროვე საავადმყოფოების მშენებლობის პარალელურად სახელმწიფო აფართოებს დაზღვეულ მოქალაქეთა წრეს, რაც თავის მხრივ კარგი სტიმულია სადაზღვევო ბიზნესის განვითარებისათვის.
2012 წლის 1 სექტემბრიდან დაახლოებით 1 800 000 მოქალაქე სახელმწიფო სადაზღვევო პოლისის მფლობელი იქნება, ამ ციფრს ემატება კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა, რაც დაახლოებით 500000 მოქალაქეს შეადგენს. შედეგად წლის ბოლოს ქვეყანაში ყოველი მეორე მოქალაქე იქნება დაზღვეული, რაც მათ საშუალებას მიცემს, საჭიროების შემთხვევაში, შეუფერხებლად ისარგებლონ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით.
შეხვედრა საქართველოს მთავრობასა და ბიზნესს შორის დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.