(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ერთობლივი პრეზენტაცია „დავების განმხილველ ცენტრთან“

23 ოქტ '14

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და „დავების განმხილველი ცენტრის" (DRC) ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საქართველოში კერძო არბიტრაჟის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება. ბიზნეს დავების გადაჭრის და მოგვარების სიმარტივე, სიიაფე და სისწრაფე ბიზნესგარემოს ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. წლების განმავლობაში, აღნიშნული კომპონენტი ბიზნესისა და სპეციალისტების ხედვით საქართველოში საკმაოდ ბევრი ხარვეზით ხასიათდებოდა, რაც არა მარტო ადგილობრივ კომპანიებისთვის წარმოადგენს პრობლემას, არამედ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული უცხოელებისათვისაც. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, იუსტიციის სამინისტროს ძალისხმევით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, სხვა ბიზნეს გაერთიანებების და ამ სფეროს ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა კანონმდებლობაში ასახვის შემდგომ შეიქმნება ქვეყანაში კერძო არბიტრაჟის განვითარებისათვის კეთილსაიმედო გარემო. თუმცა არბიტრაჟის განვითარებისათვის მხოლოდ ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა არ არის საკმარისი, აუცილებელია ქვეყანაში პროფესიონალური, დამოუკიდებელი და ძლიერი საარბიტრაჟო ინსტიტუტების არსებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბიზნეს ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება და გახდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საარბიტრაჟო ინსტიტუტის - „დავების განმხილველი ცენტრის" (DRC) პარტნიორი, ერთობლივად შემუშავდა ისეთი სტრუქტურა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს არბიტრაჟის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას. ჩვენი მიზანია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შევქმნათ წარმატებული საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც სხვა, ასევე ძლიერ და დამოუკიდებელ არბიტრაჟებთან ერთად უზრუნველყოფს ბიზნეს დავების პროფესიონალურად, სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტას. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ბატონი გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იქნება გარანტი, რომ ,,დავების განმხილველი ცენტრი" იქნება სრულიად დამოუკიდებელი, იქნება მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული და განახორციელებს დავების განხილვას მიკერძოების გარეშე. "ჩვენ, ბიზნეს ასოციაცია, რომლის წევრთა შორის არაერთი ერთმანეთის კონკურენტი კომპანიაა, უზრუნველვყოფთ DRC-ის მაქსიმალურ დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, რადგანაც ჩვენთვის ეს პროექტი უპირველეს ყოვლისა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც განვიხილავთ მას ქვეყანაში საარბიტრაჟო ინსტიტუტების განვითარების საშუალებად და არა კომერციული ინტერესის საგნად." - აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და „დავების განმხილველი ცენტრის" (DRC) ერთობლივი პროექტის პრეზენტაციას პროფესიული და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.