(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან 

24 მაის '12

საქართველოს  ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ალექსანდრე ხეთაგური 24 მაისს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა და იმ ახალი ენერგეტიკული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს.
მინისტრის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის შესაბამისად, მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს და ახორციელებს შესაბამის პროექტებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა მიმართულებით, რაც გულისხმობს ენერგოინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციას და დამატებითი სარეზერვო სიმძლავრეების შექმნას. უკვე განხორციელებული ენერგეტიკული პროექტების შედეგად საქართველომ მნიშვნელოვნად გაზარდა საექსპორტო პოტენციალი და ეს ზრდა მომავალში კიდევ უფრო გამოიკვეთება ახალი ჰიდრორესურსების ათვისების კვალდაკვალ. როგორც ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, ენერგოინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებაა; ქვეყნის მასშტაბით, ცალკეულ რეგიონებში იდენტიფიცირებულია მსხვილი ინდუსტრიული ზონები, სადაც სახელმწიფო უზრუნველყოფს ენერგორესურსების შეუზღუდავ მიწოდებას, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს წარმოების სწრაფად განვითარებას და შეუფერხებელ მუშაობს. მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ სიახლეებზე, რაც განხორციელდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის პროცესში დამატებითი ბარიერების მოხსნის მიზნით.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის ფლობა სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეს ინფორმაცია, როდესაც საქმე ეხება ისეთ სტრატეგიულ დარგებს, როგორებიცაა ენერგეტიკა და ბუნებრივი რესურსები. მჭირდო თანამშრომლობისა და ინტენსიური კომუნიკაციის პირობებში, როგორც სამინისტროს, ასევე ბიზნესს ექნებათ საშუალება გაცვალონ შეხედულებები და ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის, პოტენციალის შესახებ, რაც ორმხრივად მომგებიანი იქნება.
შეხვედრაზე გამოხატული ორმხრივი ნების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას.