(+995 32) 2 202-215

სიახლეები

მორიგი შეხვედრა ბიზნესისა და მთავრობის დიალოგის ფარგლებში 

1 მაის '12

სამშაბათს, პირველ მაისს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" მორიგ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც ბიზნესისა და მთავრობას შორის დიალოგის ფარგლებში გაიმართა. ბიზნესმენებთან ერთად, შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შემოსვლების სამსახურის, ნოტარიუსთა პალატისა და შესყიდვებისა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრას ასოციაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა, მისი განცხადებით - "მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან და გეგმავენ გაგვაცნონ ის სიახლეები, რაც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისათვის, რაც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესისათვის მეგობრული გარემოს შექმნას და და საზოგადოებრივ კეთილდღეობას. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისათვის ეს პირველი შემთხვევა ნამდვილად არაა, როდესაც მსგავს ფორმატში, ასოციაციის ეგიდით იმართება დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის. ჩვენ ერთობლივად შევძელით თანამშრომლობის ეფექტური მექანიზმის შექმნა, რაც ერთის მხრივ უზრუნველყოფს ბიზნეს წრეების ჩართულობას მათთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ხოლო მეორეს მხრივ მთავრობას აძლევს შესაძლებლობას უფრო ახლო და უშუალო ფორმატში გაეცნოს ბიზნესმენების მოსაზრებებს, მოისმინოს ინფორმაცია მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს საერთო მიზანს, კიდევ ერთხელ, უკეთესად დაგვანახებს ახალ შესაძლებლობებს და პერსპექტივებს ".
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს სიახლეებზე რომელთა დანერგვა უახლოეს მომავალში იგეგმება და მიზნად ისახავს საქართველოში ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას და საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას.
თავის მხრივ, ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ წამოეჭრათ და განეხილათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც დაკავშირებულია ბიზნესის მარეგულირებელ სამართლებრივ ბაზასთან, სახელმწიფო შესყიდვების სისტემასთან, საგადასახადო სფეროში არსებულ რეფორმებთან და ა.შ.
დეტალური ინფორმაცია შეხვედრაზე წარმოდგენილი საკითხების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ პრეზენტაციებში.