(+995 32) 2 202-215

სიახლეები

ასოციაციამ ბათუმში ბიზნესისა და მთავრობის რიგით მეორე, გაფართოებულ შეხვედრას უმასპინძლა

18 თებ '12

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 17-19 თებერვალს საქართველოს მთავრობის და ბიზნესის წარმომადგენლებს ბათუმში, სასტუმრო შერატონში უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი ბიზნესის ინიციატივების მთავრობისათვის გაცნობა და განხილვა გახლდათ; თავის მხრივ ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ მთავრობის წარმომადგენლებისაგან ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ.
ღონისძიება, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ნიკა გილაურმა გახსნეს.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით: „ბიზნესისა და საქართველოს მთავრობის პირველი მსგავსი შეხვედრა  შარშან, ამავე დროს ბათუმში შედგა, ეს იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი, პირველი პრეცედენტი როდესაც ბიზნესი და მთავრობა ასე ორგანიზებულად, ბიზნეს ასოციაციის ეგიდით მიუსხდნენ საერთო მაგიდას და იმსჯელეს არსებულ პრობლემებზე, განვითარების პერსპექტივებზე და მომავლის გეგმებზე. განვლილმა ერთმა წელიწადმა მკაფიოდ დაგვანახა, რომ ჩვენი შარშანდელი შეხვედრა იმაზე წარმატებული, შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ველოდით. ეს არის შეხვედრა, სადაც შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები და სამომავლო ხედვები, დავსახოთ საერთო გეგმები. რასაკვირველია მთელ ამ პროცესში შეიძლება იყოს განსხვავებული აზრი, შენიშვნები, მოსაზრებები და რაც მთავარია დაიბადოს ახალი იდეები. სხვანაირად წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც კონკრეტული საკითხების, პრობლემების მოგვარებაზე, ზოგადად ქართული ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და ჩვენ ამ პროცესში პარტნიორები ვართ; ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები  - ძლიერი ბიზნესი, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი სახელმწიფო."
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ნიკოლოზ გილაურის განცხადებით, „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ბიზნესის განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია და ჩვენი საქმიანობით ეს არაერთხელ დავადასტურეთ, მთავრობის მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობა, მისი მხარდაჭერა გამოიხატება კორუფციისაგან თავისუფალ სისტემაში, მოქნილ კანონმდებლობაში, ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებაში, სწორ მონეტალურ  პოლიტიკასა და საგადასახადო  სისტემაში.  ვფიქრობთ, ამ მიმართულებით  სწორი ნაბიჯები გადავდგით, ამას ადასტურებს ისიც, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიოში პირველია.
შეხვედრის ფარგლებში შედგა შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელთა იმპლემენტაცია უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ცვლილებების სახით განხორციელდება.