(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თანამშრომლობის ახალ ეტაპი განიხილეს

3 თებ '12

პარასკევს, 3 თებერვალს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში"  საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა ბიზნეს ასოციაციასა და ფინანსთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა და მას ბიზნესმენებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ახალი ეკონომიკური კურსის პოლიტიკაში ჩართულობა, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და საგადასახადო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის მეთოდიკა, თავისებურებები და სამსახურში განხორციელებული რეფორმები - ეს ის საკითხებია, რომლებიც შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის, გიორგი ობგაიძის განცხადებით, სამსახურის პრიორიტეტული ამოცანაა ბიზნეს სექტორთან დიალოგის რეჟიმის გაძლიერება და ბიზნესწრეებიდან წამოსული მოსაზრებების გათვალისწინება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის შექმნის პროცესში. ამავე მიზანს ემსახურება უკანასკნელი პერიოდს განმავლობაში საგადასახადო სფეროში განხორციელებული რეფორმები  - საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, სისხლის სამართლის კანონმდებლობის ახალი რეგულაციები, საგადასახადო სანქციების შემცირება და ეკონომიკური დანაშაულის პრევენციის ღონისძიებები. საგამოძიებო სამსახურის მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით უკანასკნელი წლების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა სისხლის სამართლის კოდექსის რიგი მუხლებით გათვალისწინებული ეკონომიკურ დანაშაულთა რაოდენობა.
როგორც საქართელოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა  - ბიზნეს ასოციაცია უკვე რამდენიმე წელია წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების და საგამოძიებო სამსახურებთან. ეს თანამშრომლობა განსაკუთრებული შედეგიანობით გამოირჩევა ახალი ეკონომიკური კურსის ამოქმედების და ახალი საგადასახადო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ. ზოგადად, ბიზნესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი, მარტივი და სამართლიანი საგადასახადო სისტემის არსებობა,  რადგან ეს საშუალებას იძლევა სწორად იქნეს ბიზნესის განვითარება დაგეგმილი.
ბიზნეს ასოციაცია და საგამოძიებო სამსახური თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.