(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების მორიგი პაკეტის განხილვა

26 დეკ '11

26 დეკემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების მორიგი პაკეტი განიხილა. შეხვედრა ასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფორმატში შედგა. ხსენებულ შეხვედრაზე ბიზნესმენებმა მათთვის საინტერესო, პრაქტიკული საკითხები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დავით ბუღაძესთან, გადამხდელთა მომსახურების დეპარტამენტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამმართველოს უფროს, ნანა მუმლაძესა და პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით ვარდიაშვილთან ერთად განიხილეს.
შეხვედრაზე განსახილველად წარმოდგენილი იყო ორ ათეულამდე საკითხი, მათ შორის:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისნაშთის სააღრიცხვო დოკუმენტების მონაცემების დადგენა ადგილმდებარეობის მიხედვით;
გამოსაყენებლად უვარგისი ძირითადი საშუალებების ჩამოწერის გაფორმების წესი;
კრედიტ ნოტების და უიმედო ვალების პატიების მკაფიო გამიჯვნა;
ქონების გადასახადის დაანგარიშება მიწოდებისათვის განკუთვნილი უძრავი ქონების ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში;
ბანკისათვის გირაოში დარჩენილი დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების გადმოცემისას, როდესაც მომწოდებელ მხარეს დარჩენილი აქვს დასრულების ვალდებულება, რა არის დასაბეგრი ოპერაციის დრო;
საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის მიხედვით, ფასიანი ქაღალდების გამოშვებამდე (მათი გამოშვებისთვის) გაწეული მომსახურება განიხილება თუ არა საქართველოს არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლად;
წარმომადგენლობით ხარჯზე მიკუთვნების მიზნობრიობა და მისი გააფორმის წესი;
სესხზე გირაოში ჩადებული შენობის ძირითად საშუალებად დაკვალიფიცირება;
სადაზღვევო შემთხვევის გამო მიღებული კომპენსაციის დაბეგვრა;
არასაბანკო სექტორის მიერ  სავალუტო ნაშთების  (როგორც ფულადი ანგარიშების ასევე დებიტორ კრედიტორების) გადაფასების  შედეგის მოგების გადასახადით დაბეგვრა/გამოქვითვა.
კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს შესაბამისი ინფრმაცია განსახილველ საკითხებზე შემოსავლების სამსახურის ხედვის შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს მომავალში სწორად  გამოიყენონ კოდექსის შესაბამისი ნორმები და თავიდან აიცილონ შემდგომი პრობლემები.
მომავალ შეხვედრას შემოსავლების სამსახურთან ბიზნეს ასოციაცია უკვე მომდევნო წლის იანვარში უმასპინძლებს.