(+995 32) 2 202-215

Print

სოსო ფხაკაძე - მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი

სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი ბევრი კომპანიაა ჩართული და ჩვენი ამოცანაა, დავიცვათ ჩვენი წევრების სამართლიანი ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ დაწესებული აკრძალვები საქართველოს ეკონომიკას დარტყმას მიაყენებს.

„ზოგადად, ეკონომიკა დარტყმას მიიღებს რუსული ემბარგოს გამო, ამას ყველა ვხედავთ. გვინდა, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ნეგატიური ეფექტი, რომელიც მოჰყვება ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს. ყოველთვიურად უნდა დავაკვირდეთ, რა მდგომარეობაში ვიქნებით. დარწმუნებული ვარ, თუ არატრადიციული ნაბიჯების გადადგმაც მოუწევს ფისკალური კუთხით სახელმწიფოს, უნდა გადაიდგას, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც იქნება გამართლებული იმ რეალური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც შეიქმნება“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მისი თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ მოლოდინია.

„ამ ეტაპზე, რამე კონკრეტული ნეგატიური, ფართომასშტაბიანი არ ხდება. ამიტომ როგორც ბიზნესი, ისე ხელისუფლება უნდა დააკვირდეს პროცესებს, უნდა იყოს ადეკვატური და მეტნაკლებად მყისიერი. ძალიან კარგი გეგმა გაგვაცნო ეკონომიკის მინისტრმა.  ჩვენი ბაზრების დივერსიფიცირებაზე იყო საუბარი, მაგრამ ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება. ეს პროცესი აქამდეც მიმდინარეობდა და ახლა მეტი ინტენსივობით გაგრძელდება“, – აღნიშნა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოსალოდნელი ნეგატიური შედეგი მაქსიმალურად უნდა შემცირდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ნეგატიური შედეგი, რომელიც შეიძლება, სანქციებს მოჰყვეს, მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესისთვის“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

აღნიშნული კომენტარი მედიასთან სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. მასში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ივანე მაჭავარიანი და ნათია თურნავაც მონაწილეობენ.

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები დღეიდან ოფიციალურად შეწყდა.  ფრენების დროებით შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა. პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ. ამასთან, დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.

ლინკი