სოსო ფხაკაძე რეგულაციებზე - საბანკო სისტემასთან მიმართებაში ნეგატიურ შედეგებს ვერ ვხედავთ - დეველოპერები და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვაზე მომუშავე კომპანიები, პრობლემებს გრძნობენ
დაპირება მივიღეთ, რომ მომავალი თვეების განმავლობაში გაგრძელდება ანალიზი და თუ რამე გადასახედი იქნება რეგულაციებთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზაობას, რომ ეს მოხდება, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესა და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ძირითად პრინციპებზე თანხმდებიან, თუმცა სოსო ფხაკაძე მიიჩნევს,რომ ანალიზი და დაკვირვება პროცესზე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მისივე თქმით, როგორც კი ბიზნესში მტკივნეული პრობლემა იქნება შემჩნეული, აღნიშნულს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ბანკის წინაშე ღიად დააფიქსირებს
„ის, რომ ქვეყანაში უნდა იყოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები დანერგილი და სესხის გაცემა კლიენტის გადახდისუნარიანობის კარგი ანალიზისა და შეფასებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს, ამაში ჩვენ საერთო პოზიცია გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეგულაციების შემოღებაზე ვთანხმდებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერთან ერთად არის ის, რომ მომავალი თვეების განმავლობაში დავაკვირდეთ, როგორ ასახვას ჰპოვებს რეგულაციები ამა თუ იმ სექტორზე. გამოიკვეთა ორი სექტორი, სადაც არსებობს გარკვეული შეკითხვები, ამიტომ მნიშნველოვანია ძალიან ღია საუბარი. დავაყენეთ მნიშვნელოვანი საკითხები. მივიღეთ ამომწურავი პასუხები და იყო პროფესიონალური დისკუსია.
მივიღეთ მზაობა და დაპირება, რომ მომავალი თვეების განმავლობაში გაგრძელდება ანალიზი. ამ ანალიზისა და კონკრეტულად ციფრებზე დაყრდნობით, თუ რამე გადასახედი იქნება რეგულაციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი გამოთქვამს მზაობას, რომ ეს მოხდება“,-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მისივე თქმით, რეგულაციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მსგავს ფორმატში მომავალი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.
„საბანკო სისტემასთან მიმართებაში თუ შევხედავთ მაჩვენებლებს, ვერ ვხედავთ ნეგატიურ შედეგებს, მაგრამ არის ორი ინდუსტრია - დეველოპერები და საცალო სექტორში მომუშავე კომპანიები, საყოფაცხოვრებო ტექნიკის კუთხით, რომლებიც პრობლემებს გრძნობენ. ჩვენ ბიზნესის განვითარება თუ გვინდა, ბუნებრივია, ყველა სექტორს უნდა დავუჭიროთ მხარი. აქედან გამომდინარეა, რომ გვინდა მომავალში დავაკვირდეთ და პროფესიული ანალიზის საფუძველზე მიიღოს ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი გადაწყვეტილება“, -განაცხადა ფხაკაძემ.
ლინკი