(+995 32) 2 202-215

Print

ლევან ვეფხვაძე - რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ გარკვეული შეცდომები დავუშვით - იმედი მაქვს, ახლა ისეთი მხარდაჭერა იქნება, რომელსაც საჭიროებს ეს ინდუსტრია

ვფიქრობ, რუსული ბაზრის გახსნის შემდეგ ჩვენ გარკვეული შეცდომები დავუშვით, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მოსალოდნელ რუსულ ემბარგოზე საუბრისას განაცხადა, რომელიც შესაძლოა, ქართულ ღვინოსა და მინერალურ წყალს შეეხოს.

როგორც ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს ქართული პროდუქტის მარკეტინგის მხარდაჭერა სხვა ბაზრებზე უნდა გაეგრძელებინა.

„შეცდომები დავუშვით იმაში, რომ ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა მარკეტინგის, ქართული პროდუქტებისა ალბათ სხვა ბაზრებზე უნდა გაგვეგრძელებინა. იმედი მაქვს, ახლა ისეთი მხარდაჭერა იქნება, რომელსაც საჭიროებს ეს ინდუსტრია, თუ რუსული ბაზარი დაიკეტება. ვფიქრობ, სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე საქართველოს ხელისუფლებამ აქტიური მარკეტინგი უნდა აწარმოოს, უნდა დაიხარჯოს ფული. ბუნებრივია, ეს ფული ჩვენი გადამხდელების ფულია. ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები, იმისათვის, რომ არ მოხდეს პრობლემები ქართულ ეკონომიკაში. დაიხარჯოს ფული მარკეტინგში იმისათვის, რომ ჩვენ ალტერნატიულ ბაზრებზე გავაფართოვოთ ჩვენი ღვინისა და ჩვენი პროდუქტების გაყიდვა", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მან ჟურნალისტებთან ასევე ისაუბრა რუსეთის მხრიდან ფულადი გზავნილების შესაძლო შეზღუდვაზე და აღნიშნა, რომ ამ მოლოდინმა შესაძლოა, ლარის კურსზე გავლენა იქონიოს.

„ექსპერტი არ ვარ ამ კუთხით, თუმცა თავისთავად მოლოდინი იმისა, რომ გადმორიცხვები შეიძლება შეიზღუდოს და ამ შემთხვევაში დოლარის შემოსვლა გარკვეულწილად შემცირდეს და დისბალანსი გაჩნდეს ლარი-დოლარისა, ამ მოლოდინმა შეიძლება გარკვეული ზეწოლა გააჩინოს ლარზე. ამ კუთხით ეროვნულ ბანკს მოუწევს მყისიერი გადაწყვეტილებების მიღება იმისათვის, რომ სტაბილური კურსი მივიღოთ",- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ლინკი