(+995 32) 2 202-215

Print

სოსო ფხაკაძე: „გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს დროულად, რათა ბიზნესს არ უწევდეს მოლოდინის რეჯიმში ყოფნა“

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დავალებით, ბიზნესთან მუშაობა უნდა გაძლიერდეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერის მიერ უწყებებისთვის მიცემულ დავალებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის უწყებას ბიზნესთან ხშირი კომუნიკაცია აქვს, თუმცა ახლა ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა“, - განმარტა თურნავამ.

მიმზიდველია თუ არა დღეს ბიზნესგარემო და რა ბარიერები და პრობლემებია, რომელიც უნდა გამოსწორდეს?

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ასოციაცია მიესალმება საქართველოს მთავრობის სურვილს კიდევ უფრო აქტიური და ეფექტური გახდეს კომუნიკაცია ბიზნესთან იმ ბარიერებისა თუ რეგულაციების შესამსუბუქებლად, რომლებიც დამატებით ტვირთს წარმოადგენენ ბიზნესისთვის.

ცხადია, რომ სხვადასხვა სფეროში შემოღებულმა რეგულაციებმა ასახვა ჰპოვეს ბიზნესის საინვესტიციო აქტივობაზე. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საჯარო სექტორის საშუალო რგოლის მენეჯმენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესის ეფექტიანობის გაზრდა, კერძოდ, კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს დროულად, რათა ბიზნესს არ უწევდეს მოლოდინის რეჯიმში ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ყოფნა. ამასთან, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ კონკრეტულ სფეროებში (მაგალითად ჯანდაცვა, ენერგეტიკა და სხვა) ბიზნესის აქტიური ჩართულობით ჩამოყალიბდეს საშუალო და გრძლევადიანი ეკონომიკური და საინვესტიციო პოლიტიკა, რამაც პოტენციური ინვესტორებისთვის უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ დარგში პოტენციურად მისაღები სარგებლის პროგნოზირებადობა და შესაბამისად უფრო მეტად მიმზიდველი გახადოს საინვესტიციო საქმიანობა“-აღნიშნავს ფხაკაძე. 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი უმთავრესი გამოწვევად,  რაც დღეს ბიზნესის წინაშე დგას  ლარის კურსის არასტაბილურობას ასახელებს. „ამ მხრივ მიველასმებით საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს, რაც, ჩვენის აზრით, მათი თანამიმდევრულობის შემთხვევაში გახდება სტაბილური გაცვლითი კურსის წინაპირობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნაში ბიზნესის და შესაბამისად ეკონომიკის შემდგომი განვითარებისათვის. მათ შორის მისასალმებელია უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირება, რაც საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს უფრო მეტი თანხები მიაწოდონ ეკონომიკურ სუბიექტებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, გამოხატავს მზადყოფნას კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს შემოთავაზებული დიალოგის პროცესში და საქართველოს მთავრობის წევრებს გაუზიაროს ბიზნეს გარემოს გაუმჯებესებისთვის აუცილებელი ღონისძიებების საკუთარი ხედვები. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აერთიანებს ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა დარგში ჩართულ კომპანიებს, და, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურ ინფორმაციას ვფლობთ ამა თუ იმ მიმართულებით კონკრეტული გამოწვევების შესახებ“-აღნიშნავს ფახაკაძე.